სომხური პროდუქციის რუსეთში შეზღუდვის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთიდან ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გაგზავნილია ახალ ბაზრებზე.

რუსეთი სომხური ატმის ჩანაცვლებას საქართველოდანაც განიხილავს

როგორც ‘არმენპრესი’ წერს, ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა კითხვაზე პასუხისას, თუ რომელ ქვეყნებთან მიაღწიეს შეთანხმება სომხური პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც რუსეთის ბაზარზე აღარ გადის შეზღუდვების გამო.

კითხვაზე, საუბარია თუ არა ევროკავშირზე ან სხვა ბაზრებზე, ფაშინიანმა უპასუხა:

„ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებზე.“

მისი თქმით, უკვე რამდენიმე ბიზნესდელეგაცია მუშაობს ახალ ბაზრებზე.

„დღეს ჩვენი რამდენიმე ბიზნესდელეგაცია უკვე მუშაობს და ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიებიც უკვე გაიგზავნა. ისინი მიაღწევენ დანიშნულების ქვეყნებს, რომელთა შესახებ მოგვიანებით გეტყვით”.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხური პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება.

„და არცერთი პროდუქტი არ დარჩება გაუყიდავი. ახლა ის უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე“, – თქვა მან.

მანამდე რუსეთის ფიტოსანიტარიულმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) გამოაცხადა, რომ 2 ივნისიდან დროებითი შეზღუდვები დაწესდა სომხეთიდან ბლის, გარგრის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის იმპორტზე. ადრე შეზღუდვები შეეხო სომხური ბოსტნეულის ნაწილსაც.

რუსეთმა ასევე აკრძალა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“, ყვავილების, თევზის პროდუქციისა და ზოგიერთი ალკოჰოლური სასმლის იმპორტი.