რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, მოსკოვი ამჯერად სომხეთიდან ხილის იმპორტის შეზღუდვას გეგმავს.
“სომხური გარგარის ჩანაცვლება შესაძლებელია თურქეთიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან მიწოდებების გაზრდით, ბლის – უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან, ხოლო ატმის – თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან” ,- ამის შესახებ რუსულ სააგენტო TASS-ს „რუსპროდსოიუზის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი ლეონოვმა განუცხადა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის ფიტოსანიტარიული სამსახურის, „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, 2026 წლის 2 ივნისიდან დროებითი შეზღუდვები ამოქმედდა სომხეთიდან ალუბლის, ბლის, გარგრის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის იმპორტზე.
ლეონოვის განცხადებით, იმპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, ალტერნატიული ქვეყნებიდან გაზარდონ მიწოდებები, რადგან არსებული ლოგისტიკური სქემები უკვე ოპტიმიზებულია სხვადასხვა მომწოდებელს შორის სწრაფი გადართვისთვის.
მისი თქმით, სომხური ყურძნის ჩანაცვლება შესაძლებელია თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტით; ალუბლის – სერბეთიდან და მოლდოვიდან; ნექტარინის – თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან; ხოლო ატმის – თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან.
ექსპერტის თქმით, სომხური ხილი და კურკოვანი კულტურები რუსეთის იმპორტში მცირე წილს იკავებს და მხოლოდ ვიწრო ბაზრის სეგმენტს წარმოადგენს.
„ამიტომ მათი იმპორტის შეზღუდვა მიწოდების საერთო მოცულობაზე შესამჩნევ გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ლეონოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ხილ-ბოსტნეულის ბაზარი მაღალი დივერსიფიკაციით გამოირჩევა, რაც მას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს ასორტიმენტში ნებისმიერ ცვლილებას.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
