“შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სამმართველო, რომელმაც „სიძულვილის ენას“ უნდა ებრძოლოს და საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებში მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება უნდა გააკონტროლოს. “სიძულვილის ენასთან” ბრძოლის საბაბით ძალოვანი უწყებისთვის ცენზურის მანდატის გადაცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”.
ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს დანერგოს შიში და თვითცენზურა, ჩნდება შერჩევითი დევნის რისკი და სოციალურ ქსელში გამოთქმული ნებისმიერი მწვავე პოლიტიკური კრიტიკა, იუმორი თუ სატირა შეიძლება “კანონდარღვევად” ჩაითვალოს. აქედან ერთი ნაბიჯი რჩება მედიისა და მხატვრული სიტყვის ცენზურამდე.
მტკიცედ გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობა მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს ან მედიის თვითრეგულირების ორგანოების საქმეა და არა ძალოვანი სტრუქტურებისა. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ უწყება შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს ექვემდებარება. თავისუფალი სიტყვა თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. მისი შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს”, – წერია პენცენტრის განცხადებაში.
პირველი ივნისიდან დაიწყო მუშაობა სამმართველომ, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას გააკონტროლებს. სამმართველო შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე სიძულვილის ენასთან ბრძოლის საბაბით.
სამმართველოს 10 თანამშრომელი ეყოლება, რომლებიც დააკვირდებიან სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა აზრის გამოხატვის ფორმებს და, თუ საჭიროდ ჩათვლიან, საქმეს სასამართლოს გადასცემენ. მათ თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.
საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სამმართველოს შექმნა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა. სამმართველო შეიქმნა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე.
ფოტო: თამთა ქიმბარიშვილი, სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი
