სულხან თამაზაშვილის განცხადებით, გორში პოლიციელების მხრიდან ჯგუფურად ძალადობის ფაქტი სპონტანურად მოხდა და ბრძანებას არავინ არ გასცემდა.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს [ვთქვა],
ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა. ისინი იმყოფებოდნენ კონკრეტულ ამოცანაზე“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელები ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა 27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.
ლოცულაშვილის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, ამბობს, რომ ლოცულაშვილის სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. ამას ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, პოლიციელებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს. პოლიციელებმა სცემეს თავად აბისონაშვილიც, რომელიც “სიტუაციის განეიტრალებას” ცდილობდა. შსს-ს ვერსიით, პოლიციელებმა ლოცულაშვილი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, “რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე”. შს მინისტრის მოადგილის, დიდი ბრიტანეთს მიერ დასანქცირებული ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლოცულაშვილმა „ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“.
ამ ეტაპზე შსს-ში ორი გამოძიება მიმდინარეობს – ერთი, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მიმართ, მეორე, თავად პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ. ამ უკანასკნელის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
