შსს აცხადებს, რომ გორში პოლიციის მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ქვით მიაყენა დაზიანება. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.

“კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო-საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რომ გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას, ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ჯგუფურად ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.

“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან, დაზიანდა მისი  ჯანმრთელობა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურას არაფერი უთქვამს შსს-ს ვერსიაზე პოლიციელის ქვით დაზიანების შესახებ.

გუშინ, 27 მაისის შუადღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დღეს, 28 მაისს დააკავეს. თუმცა პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მტკიცებულებები “უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად” მოიპოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ, 27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე. ინციდენტის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მედიამ “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლითაც მიმდინარეობს.

პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

აბისონაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულ ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, ცივი იარაღი ჰქონდა. პაპუნა ლოცულაშვილი 28-29 წლისაა და სამსახურში, „საქართველოს ბანკში“, შესვენების შემდეგ ფეხით ბრუნდებოდა უკან, როცა პოლიციელმა მასზე მანქანა „მიუშვა და ხელი გაუქნია“. დაზიანებები აბისონაშვილსაც აქვს. ის მაშინვე გამოუშვეს.

„რატომ მომიშვი მანქანაო, ეგ ლაპარაკი იყო. ყვირილზე გამოვედი. ჩემი მეგობარია [პაპუნა ლოცულაშვილი] და რა ხდება-მეთქი, გასანეიტრალებლად მივედი. ყველამ სცემა. ვინც მოვიდა, ყველამ სცემა. მიზეზი არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ეცოდინება. ცივი იარაღი რომ ჰქონოდა, ჩხუბში გამოიყენებდა. ძირს დაწვენილი ჰყავდათ. ეუბნებოდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ვარ, ადვოკატი მოვიდესო. ამაზე უფრო გაგიჟდნენ. ჩხუბის მერე მე ეგრევე გამომიშვეს. ჩემი მეგობარი ძალიან ცუდად იქნება, ჩემი აზრით. არ ვიცი, სად ჰყავთ. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, გაუშვითო ესაო, მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. გაა*ვი აქედანო და ეგეთი უზრდელური სიტყვები“, — ამბობს ლაშა აბისონაშვილი.

გუშინვე, პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ჟურნალისტები, რომლებმაც მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელეს. ესენი არიან გიორგი ახალკაცი “ქართლის ამბებიდან” და ლადო ბიჭაშვილი ტელეკომპანია “ფორმულადან”.