ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯაშუშურ საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს და  ბრალს არ აღიარებს.

მისი თქმით, მტკიცებულებები, რომლითაც ირაკლი ჩიხლაძეს ჯაშუშობას ედავებიან, აბსურდულია.

ადვოკატის თქმით, მათ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერეს და ამიტომ ვერც იმ ქვეყანას დაასახელებს, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან.

„ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი. საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს. სამწუხაროდ, რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმის. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ არ მოგვიწევს საუბარი.

ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან, არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და რასაც ჩვენ გავეცანით…

მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე. თორემ სასამართლო პროცესებიც დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.


ირაკლი ჩიხლაძის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს განაცხადა. სუს-ის თანახმად, ირაკლი ჩიხლაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, აგროვებდა და გადასცემდა მათ სადაზვერვო ინფორმაციას.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე მუხლით დღეს დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გულბაათ რცხილაძე. სუს-ის ინფორმაციით, რცხილაძე “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას”.