ევროკომისიის პრესპიკერ ანიტა ჰიპერის განცხადებით, უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის წინადადებებს რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანასაც მოიცავს, ევროკავშირში ფართო მხარდაჭერა აქვს.

„რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და პასუხი უნდა აგოს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, რადგან ჩვენ ვნახეთ, რამდენჯერ დაარღვია რუსეთმა ყველა პოტენციური შეთანხმება. საგარეო საქმეთა მინისტრების განსახილველი შინაარსი ეფუძნებოდა დოკუმენტს, რომელიც წარვადგინეთ ჯერ კიდევ თებერვალში. ეს დოკუმენტი განიხილავდა იმ დათმობებს, რომელთა გაკეთებასაც რუსეთისგან ვითხოვთ, რადგან ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ყურადღება იფანტება და ზეწოლა უკრაინაზე ხდება, მაშინ როცა ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს“, — განაცხადა ჰიპერმა.

მისი თქმით, წევრმა ქვეყნებმა წამოაყენეს რამდენიმე დამატებითი მოსაზრება, რომელიც შეიძლება შესწავლილ იქნას.

„მაგრამ, როგორც ბაზისი, ჩვენ გვაქვს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი საბოტაჟის ოპერაციები. ჩვენ ასევე ვერ მივიღებთ რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის არაღიარებას.

ცხადია, გვაქვს საფიქრალი უფრო ფართო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც რეგიონში რუსული ჯარების ყოფნას ვუყურებთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, და როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო ხასიათის ყველა იმ ჰიბრიდულ ქმედებას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ჩვენ გვქონდა დისკუსია. გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, — განაცხადა ჰიპერმა.

კითხვაზე, ყველა ჩამოთვლილმა პუნქტმა მიიღო თუ არა მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისგან, ჰიპერმა უპასუხა:

„ამ მხრივ უდიდესი მხარდაჭერა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რადგან, როგორც ვნახეთ, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველგან — არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა სადისკუსიო დოკუმენტი, სახელწოდებით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის პოტენციური პოზიცია, ზემოაღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, განიხილეს გუშინ ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ამ თემაზე:

კალასი ადასტურებს, რომ EU-ის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანას ითხოვს