ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში განსახილველ საკითხებს შორის ასახელებს საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანას.

ამჟამად ევროკავშირის კულისებში მიდის დისკუსია, უნდა დანიშნოს თუ არა ბლოკმა საკუთარი წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. სახელდება სხვადასხვა გვარებიც, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელიდან დაწყებული, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგით დამთავრებული. მოსკოვი ამ პოსტზე მის მოკავშირეს, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს ისურვებდა, თუმცა კაია კალასმა, რომელმაც მიანიშნა, რომ ამ როლისთვის ყველაზე შესაფერისი ოფიციალური სტატუსი თავად აქვს, განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დანიშნავს წარმომადგენელს ორივე მხრიდან.

„ბრძოლის ველზეც ვხედავთ, რომ რუსეთი უკან იხევს. სწორედ ამიტომ, ახლა არის ადგილი და დრო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განვიხილოთ ის ძირითადი ინტერესები და მოთხოვნები, რომლებიც რუსეთის მიმართ გვაქვს. როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, ძალიან ნათელი უნდა იყოს, რას ვაკეთებთ იქ და რა არის ის შინაარსობრივი საკითხები, რომელთა განხილვაც გვსურს. ჩვენს ინტერესებშია ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან დაკავშირებულ ყველა თემაზე მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შეუძლიათ, თუმცა არის ბევრი რამ, რაც ევროპას ეხება. მაგალითად, სანქციების მოხსნა — ეს ევროპული გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა კალასმა დღეს, 28 მაისს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

მან „რუსული მახე“ უწოდა ევროკავშირის წარმომადგენლის დანიშვნაზე დისკუსიას და თქვა, რომ მთავარია რუსეთთან მოლაპარაკებების შინაარსი და არა წარმომადგენლის დანიშვნა. დაასახელა რა ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესები, ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოდან ჯარების გაყვანა.

„მიმაჩნია, რომ ეს არის მახე, რომელშიც რუსეთს ჩვენი შეტყუება სურს, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ვინ დაელაპარაკება მათ. ისინი უკვე არჩევენ, ვინ არის მათთვის შესაფერისი და ვინ არა. ნუ წამოვეგებით ამ მახეს. მოლაპარაკებები ყოველთვის გუნდური ძალისხმევაა. გყავს „კარგი პოლიციელი“ და „ცუდი პოლიციელი“, გაქვს სტრატეგია, თუ როგორ მიდიხარ მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ, შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ ლაპარაკობს.

თებერვალში წარვადგინე დოკუმენტი, რომელშიც ჩამოვთვალე ყველა ის საკითხი, რაც კი შეიძლებოდა მომეფიქრებინა. დაწყებული იქიდან, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებითაც მათ აიღეს ვალდებულება, თავს არ დაესხან მეზობლებს და პატივი სცენ მათ სუვერენიტეტს. თუმცა არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, იმ დათმობების სარკისებურად ასახვა რუსეთზე, რომლებსაც უკრაინას სთხოვდნენ სამხედრო შეზღუდვების შესახებ. რა თქმა უნდა, არის უფრო ფართო შეშფოთების საგანი — თუ დაფიქრდებით რუსულ ჯარებზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა. ევროპული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ ეს ჯარები იქ აღარ იყვნენ და ისინი აღარ ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ რუსეთის მიდგომაც ასეთივეა, რომელიც მათ მაქსიმალისტურ პრეტენზიებს წარმოადგენს“, — განაცხადა კალასმა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა სადისკუსიო დოკუმენტი, სახელწოდებით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

რუსული ჯარები განლაგებულია ორ ოკუპირებულ რეგიონში (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) საქართველოში და დნესტრისპირეთში, მოლდოვაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ, ე.წ. გიმნიხის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა კვლავ ჩამოთვალა მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ძირითადი პუნქტები:

  • უპირობო ცეცხლის შეწყვეტა — რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საბოტაჟის ოპერაციები, კიბერთავდასხმები, არჩევნებში ჩარევა და საჰაერო სივრცის დარღვევები მთელ ევროპაში.
  • უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა მაშინ, როდესაც რუსეთი ხელახლა იარაღდება, პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. თუკი უკრაინის არმიისთვის იარსებებს შეზღუდვები, შეზღუდვები რუსეთის არმიისთვისაც უნდა დაწესდეს.
  • ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების არავითარი სამართლებრივი აღიარება არ მოხდება.
  • ანგარიშვალდებულება, რომ რუსეთი ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებებთან და უნდა გადაიხდის იმ ნგრევისთვის, რომელიც მან გამოიწვია.
  • ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ სრულად უნდა ცნოს უკრაინის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ალიანსები.
  • რუსული ჯარები აღარ იყვნენ განლაგებულნი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით,  მინისტრებმა წამოაყენეს რამდენიმე ახალი იდეა, რომელიც დოკუმენტში უნდა აისახოს.

„იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, — თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საპასუხოდ.

კაია კალასმა, თავის მხრივ, ისიც აღნიშნა, რომ „ევროპა არასოდეს იქნება ნეიტრალური მედიატორი რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან უკრაინის მხარესაა.

ამ თემაზე:

კალასი ადასტურებს, რომ EU-ის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანას ითხოვს