საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„გუშინ დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. აღნიშნულ ქსელს რუსეთი იყენებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლის მიზნით და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასაფინანსებლად.
სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
26 მაისს დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია. ამჯერად სანქციები ეხება იმ ფინანსურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთს აქამდე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ბრიტანეთის ცნობით, დასანქცირებულია საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიაც.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამივე ეს კომპანია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
- შპს “არვიქს”
- შპს “რაპირა ჯგუფი”
- შპს “ეიაიფორი”
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სანქცირებული კომპანიები „საქართველოს არეალში“ არ საქმიანობენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ამ თემაზე:
