დღეს, 25 მაისს, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის.

„აღინიშნა, რომ მისასალმებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტები ინტენსივობაც. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენელი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში ჩარლზ იოქი და სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი პიტერ ანდრეოლი. ეს უკანასკნელი საქართველოს მარტშიც სტუმრობდა.

გარდა ირაკლი კობახიძისა, აშშ-ის დელეგაცია შეხვედრებს მართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.