ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, რუსულ სპუტნიკთან საუბარში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა ისაუბრა სოხუმის და მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნაზე თბილისის მიმართ. საუბარია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფორმატის შეხვედრების აღდგენაზე.
“ჩვენ ვთავაზობთ ამ მნიშვნელოვანი ფორმატის განახლებას, რაზეც ქართული მხარის არაკონტრუქციული პოზიციას ვაწყდებით. რამდენიმე ფორმატი შევთავაზეთ ამ ფორმატის განახლების, მაგრამ ჯერჯერობით ქართული მხარე უარს ამბობს, შემოვიდეს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაციონალური პასპორტებით. ჩვენთვის ეს პრინციპულია და ზუსტად ამას მოვითხოვთ”, – ამბობს ბარციცი.
წინა წლებში პირადობის მოწმობით იყო შესაძლებელი გალში აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობა.
IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა ჯერ 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. მაშინ აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიკშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე “არასასურველ პირად” გამოაცხადა. შეხვედრები რამდენიმე წლის შემდეგ განახლდა, მაგრამ 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ისევ შეწყდა. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და მათზე ოპერატიული რეაგირება.
