უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეიმუშავეს პირველი მართვადი საჰაერო ბომბი, რომელმაც უკვე გაიარა საჭირო შემოწმება და საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინულ საჰაერო ბომბს უნიკალური დიზაინი აქვს და თანამედროვე ომის რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა.
„ეს არის არა დასავლური ან საბჭოთა გადაწყვეტილებების ასლი, არამედ უკრაინელი ინჟინრების შემუშავებულია და განკუთვნილია მტრის სიმაგრეების, მართვის პუნქტებისა და სხვა სამიზნეების ეფექტური განადგურებისთვის, გაშვებიდან ათეულობით კილომეტრის სიღრმეში“, — აღნიშნა ფედოროვმა.
ბომბის საბრძოლო ნაწილი 250 კილოგრამია.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირველი ექსპერიმენტული პარტია უკვე შეისყიდა და ამჟამად პილოტები საბრძოლო სცენარებს ამუშავებენ.
„მალე უკრაინული მართვადი ავიაბომბები მტრის სამიზნეებზე იმუშავებენ“ – თქვა მან.
მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მართვადი საჰაერო ბომბის სატესტო ფრენა თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი Brave1-ის გრანტის მხარდაჭერით შეიქმნა. Brave1 უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მუშაობს იმ ინოვაციურ იდეებზე, რომელთა გამოყენებაც უკრაინის თავდაცვაშია შესაძლებელი.
