მოსკოვსა და ცხინვალს შორის 9 მაისს გაფორმებული ახალი შეთანხმება, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რუსულ სივრცეში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს, რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის არსებულ რისკებზე ახალ კითხვებს აჩენს. რეგიონების მკვლევარი ვანო აბრამაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ შეთანხმება არა მხოლოდ „წინარეანექსიის“ პროცესის გაგრძელებაა, არამედ მკაფიო სიგნალიც, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ „წითელ ხაზებს“ არაფრის ფასად დათმობას არ აპირებს.
რას ცვლის პრაქტიკულად მოსკოვსა და ცხინვალს შორის ახალი შეთანხმება რეგიონისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად იმ ფონზე, როდესაც ძალთა ბალანსი რეგიონში იცვლება?
ცხადია, გარდა იმ ორმხრივი შეთანხმებისა, რომელიც ცხინვალსა და მოსკოვს შორის გაფორმდა და რომელიც უფრო მეტად აწესრიგებს ამ მართლაც წინარეანექსიის პროცედურებსა და ეტაპებს, მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ იქ, სადაც რუსეთს უკვე გავლებული აქვს, მათ შორის ფიზიკურადაც, თავისი წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებს არაფრის ფასად არ დათმობს. შესაბამისად, ის რეგიონში უკვე არის ამ ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე და მათზე კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს.
აქედან გამომდინარე, გეოპოლიტიკურადაც შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ეს არის სიგნალი როგორც რეგიონის ქვეყნების, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი უკვე მყარად არის და არაფრის დათმობას არ აპირებს. ეს უკვე მკაფიო გზავნილია.
ამასთან, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ როგორც, მაგალითად, 2008 წლის ომი ფიგურირებდა კოსოვოს კონტექსტში, როგორც საპირწონე საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების თემაში, დაახლოებით მსგავსი რამ ხდებოდეს ახლა უკრაინის ომის ფონზეც ერთგვარი შურისძიების მექანიზმი და აბსორბაცია, კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება იქ, სადაც რუსეთს უკვე აქვს გავლენა მოპოვებული.
ეს არის მცდელობა, კიდევ უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ ხავსივით ეჭიდება. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს ნამდვილად აქვს თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
რა განსხვავებაა 2015 წლის შეთანხმებასა და ახალ დოკუმენტს შორის?
იმ პერიოდის, 2014-2015 წლების შეთანხმება, ბევრად უფრო ყოვლისმომცველი იყო და სწორედ მან შექმნა ის ბაზისი, რომლის გაგრძელებასაც ახლა ვხედავთ. ეს იყო ჩარჩო ხელშეკრულება, სადაც უკვე ეტაპობრივად შევიდა კონკრეტული შესწორებები და კონტროლის დამატებითი მექანიზმები.
ჩვენ გვახსოვს, რომ ეს იყო საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ერთგვარი საპირწონე დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ცხინვალსა და სოხუმს გაუფორმა. აქედან გამომდინარე, ის დოკუმენტი თვისობრივად განსხვავებული იყო – მან შექმნა ანექსიური პოლიტიკის საფუძველი. სწორედ მაშინ დაიწყო აქტიური საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ანექსიისთვის ნიადაგს ამზადებდა, რაც ე.წ. საკანონმდებლო ჰარმონიზაციასაც ითვალისწინებდა.
რაც შეეხება 9 მაისის ხელშეკრულებას, შეიძლება ითქვას, რომ ის მაშინდელი შეთანხმების ერთგვარი გაგრძელება, უფრო მცირე, მაგრამ კონკრეტული ინსტრუმენტია, ასე ვთქვათ, იმ ხელშეკრულების „პატარა პირმშო“.
შეიძლება თუ არა ეს შეთანხმება ჩაითვალოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის სივრცეში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის ეტაპად? შეიცავს თუ არა შეთანხმება ფაქტობრივი ანექსიის ნიშნებს ან რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოსკოვი?
ცხადია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სამხრეთ ოსეთის რუსეთის სივრცეში კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის ეტაპი. ის მცირე ბერკეტებიც კი, რომლებიც ადრე არსებობდა – მაგალითად, ცენზის მოთხოვნები, რომ თანამდებობის დასაკავებლად ადამიანს აუცილებლად უნდა ეცხოვრა ცხინვალის რეგიონში, ამ დოკუმენტით ფაქტობრივად მოიხსნა. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ თუნდაც სარატოვში მცხოვრებმა პირმა დაიკავოს თანამდებობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ერთი მხრივ, ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც აღიარება იმისა, რომ შიდა რესურსი მართვისთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს ცხინვალის რეგიონში იმდენად არის დემოგრაფიულად დაცლილი ტერიტორია და იმდენად დასუსტებულია პოლიტიკური ცხოვრება, რომ ადგილობრივი კადრების ბაზა ვეღარ ითვლება საკმარისად. შესაბამისად, რუსეთის კურატორებისთვისაც კი ეს უკვე ნაკლებად ანგარიშგასაწევი რესურსია. ამ ფონზე, ბიუროკრატიული და მენეჯმენტური მიდგომის მიხედვით, როგორიც კირიენკოს სტილსაც უკავშირდება, როგორც ჩანს, ლოგიკად იქცა, რომ ადგილზე რესურსების ძიებას აზრი აღარ აქვს და ადმინისტრაციული აპარატი უფრო პირდაპირ რუსული კადრებით უნდა ჩანაცვლდეს.
ამით ოსურმა მხარემ ფაქტობრივად დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც, სავარაუდოდ, არ იქნება ფართოდ გაზიარებული და პოზიტიურად აღქმული ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისთვის. არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც არსებული სისტემა გარკვეულ პრივილეგიებს, პოლიტიკურ გავლენასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას აძლევდა. ახლა კი სიტუაცია იცვლება და ჩანს, რომ მათ უნდა ჩაანაცვლოს სრულიად სხვა ტიპის ადმინისტრაციულმა ელიტამ.
ეს, თავის მხრივ, შეიძლება წარმოქმნიდეს გარკვეული ტიპის შიდა დაძაბულობებს, მცირე მასშტაბის დაპირისპირებებს, კლანურ კონკურენციას და ძალაუფლების გადანაწილების გარშემო გარჩევებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე სწორედ ამ ცენზის გამო არ ჰქონდათ წვდომა გარკვეულ თანამდებობებზე და ახლა მათთვის შეიძლება გაჩნდეს რეალური პოლიტიკური ცდუნება, რომ მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ ოსეთის მართვაში.
ადგილობრივი მოსახლეობა ახალ სახეებსაც შეეჩვევა მანამდე. ამას დრო დაჭირდება ცხადია, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც კი კრემლში შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება, ანექსია უკვე გარდაუვალი იქნება. ამ ცენზის გარდა, ცხადია, ბევრი საკითხია იქ განხილული.
9 მაისის შეთანხმების სხვა საკითხებზეც რომ ვისაუბროთ, რას ნიშნავს „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში? და რამდენად რეალურია ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების სრული გაერთიანება?
ცხადია, როდესაც რუსეთის ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, სასაცილოა ის ციფრები და მაჩვენებლები, რაც იქ ადგილობრივ ეკონომიკას აქვს, თუ ამას საერთოდ შეიძლება ეკონომიკა ეწოდოს. ადგილობრივი დე ფაქტო ბიუჯეტი მთლიანად დამოკიდებულია პირდაპირ დახმარებებზე, შესაბამისად, ინტეგრაციის დონე ისედაც ძალიან მაღალია.
თუმცა, ერთი მთავარი საკითხი, რასაც ადგილობრივები პრობლემად მიიჩნევენ და რასაც ეს შეთანხმება არანაირად არ აგვარებს, არის გამშვები პუნქტის პრობლემა, სადაც მუდმივად რიგები და ბიუროკრატიაა. თუ რუსეთი მართლა დაიწყებს დიდ ინვესტიციებს იმისთვის, რომ ეს ბიუროკრატიული ნაწილი მიმოსვლისას აღარ არსებობდეს და ეს რგოლი მოიხსნას, ეს იქნება მანიშნებელი, რომ ანექსიური პროცესები და სრული ინტეგრირება უკვე დაწყებულია. თუმცა, ამას დასჭირდება ბიუჯეტი, გეგმა და ეს პროცესი უხმაუროდ ნამდვილად ვერ ჩაივლის, რადგან სერიოზული ინფრასტრუქტურული საკითხები იქნება გადასაწყვეტი.
ამ მოცემულობაში „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებია. სრული ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი სჭირდება. ეს, ამავე დროს, ძალიან დიდი უსაფრთხოების პრობლემაც იქნება, რადგან ის მინიმალური ავტონომიურობაც კი, რომლის შენარჩუნებაც ვინმეს ჯერ კიდევ შეეძლო, გამშვებ პუნქტზეც აღარ იარსებებს.
აქედან გამომდინარე, უნდა დავაკვირდეთ, რეალურად რამდენად დიდია პოლიტიკური ნება, რომ ეს გამშვები პუნქტები საერთოდ აღარ არსებობდეს და მიმოსვლა სრულიად თავისუფალი გახდეს. ენერგეტიკის ნაწილშიც მუდმივად პრობლემებია, იქნება ეს გაზიფიცირება თუ ელექტროენერგია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს საკითხები შეთანხმებაში უფრო იმისთვის ჩაიწერა, რომ ოსური მხარე დაკმაყოფილებულიყო და შიდა აუდიტორიისთვის სათქმელი ჰქონოდათ. თუმცა, ყველა ადგილობრივი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა სწორედ გამშვებ პუნქტზეა, ამაზე კი არავინ არაფერს ლაპარაკობს და არც რაიმე კონკრეტული იგეგმება.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს საქართველოს უსაფრთხოებაზე და რა უნდა ყოფილიყო თბილისის რეაქცია ამ ამ შეთანხმებაზე?
ჩვენ, ადამიანები, რომლებიც მშვიდობის მშენებლობაზე ვმუშაობთ, ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ მეტ-ნაკლებად ეს სტატუს-კვო არსებობს, ნდობის აღდგენაზე მუშაობა მაინც შესაძლებელია. თუმცა, მოცემულობა სრულად შეიცვლება, თუ რუსეთი დე ფაქტო ანექსიის გზაზე გადავა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი, თუნდაც ელემენტარული აქტორებიც კი აღარ იარსებებენ და მთლიანად გვექნება ყრუ კედელი რუსეთის სახით, რაც სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს სტრატეგიასა და იმ მიდგომებს, რომლებიც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ეხება.
ამ შემთხვევაში ყველაფერი მთლიანად გეოპოლიტიკურ ჭრილში გადავა და სამშვიდობო პროცესი დაკარგავს იმ მინიმალურ ადამიანურ განზომილებასაც კი, რაც დღეს ჯერ კიდევ არსებობს. ადგილზე ელემენტარული ავტონომიურობაც აღარ იარსებებს. ეს უკვე ანექსიისთვის შემზადებაა, თუმცა ამას დრო მაინც დასჭირდება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რუსეთმა საბოლოოდ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
თბილისის რეაქცია კი უნდა იყოს ის, რომ ეს განგაშის ზარია. დღევანდელი მდგომარეობიდან და არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ცხადია, ჩვენ აღარ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო. ვიხილეთ მაკა ბოჭორიშვილის შეფასება, რომ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საჭიროა მუშაობა ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველო წარმოდგენილია, იქნება ეს ეუთო, გაერო თუ პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები.
რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა იყოს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ის წითელი ხაზია, რომელსაც ყველა პატივს სცემს და ამ თემაზე მუდმივი საუბარი უნდა მიმდინარეობდეს პარტნიორებთან. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ საკითხზე საჯაროობა მინიმალურია. შესაძლოა, შიგნით ეს თემა განიხილებოდეს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოც კი აღარ არსებობს და რეაგირება უფრო იზოლირებულ შემთხვევებზეა გადასული, მაშინ როცა ეს სისტემური პრობლემა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, აშკარაა, რომ ეფექტიანი სტრატეგიული პასუხი არ ჩანს.
ამასთან, ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების ფონზე, საგარეო პოლიტიკა მთლიანად შიდა პოლიტიკაზე აღმოჩნდა დამოკიდებული. დღეს უკვე მორღვეულია ის ლოგიკა, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა და ამ პირობებში „ქართულ ოცნებას“ რაიმე ალტერნატიული ხედვა არ შეუთავაზებია. შედეგად, ვიმყოფებით ერთგვარ ვაკუუმში, რომელსაც რუსეთი ძალიან კომფორტულად იყენებს.
ამ შეთანხმებაზე არც საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის რეაქციები ყოფილა. რას ნიშნავს ეს?
რაც შეეხება იმას, რომ ამ შეთანხმებაზე არც საერთაშორისო ორგანიზაციების და არც დასავლეთის მკაფიო რეაქციები არ ყოფილა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პირველ რიგში, ეს ჩვენი პრობლემაა და არა ამ ორგანიზაციების. თუ მათი მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკვეთრი განცხადებები არ კეთდება ან ამის სურვილი არ არსებობს, არსებული სტრატეგია მცდარია და არ მუშაობს, რადგან რუსეთი არ ჩერდება.
თუ ქართულ პოლიტიკურ კლასში ისევ არსებობს განცდა, რომ შევარდნაძის ადრეული წლების მეთოდებით შესაძლებელია რუსეთს რაღაც დაათმობინო ან „გული მოუთბო“, ეს შეცდომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს გააზრებული. თუმცა, მეეჭვება, დღევანდელ პოლიტიკურ კლასში ეს რეალურად გააზრებული იყოს.
