ოპოზიციური პარტიები, “ლელო” და “საქართველოსთვის” ეხმაურებიან რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” ხელშეკრულების გაფორმებას.

ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკასა და დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “ქართულ ოცნებას” დუმილისა და უმოქმედობაში ადანაშაულებს, ხოლო “ლელოში” აცხადებენ რომ ის “რუსეთის სასარგებლოდ თმობს ყველა ეროვნულ ინტერეს”.

დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამ ამბავს.

“ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ოკუპაციას, რომლებიც ითხოვენ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, აპატიმრებს ტროტუარზე დგომისთვის. ხელისუფლება, რომელიც არბევს საკუთარ ხალხს იმისთვის, რომ მათ აირჩიეს საქართველოს ევროპული მომავალი, დუმს, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ღია ანექსიის პროცესი.

მე მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დღეს ეს დუმილი არის რეალურად თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე და შესაბამისად, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით.

არანაკლებ საგანგაშოა, რომ განსხვავებით ყველა სხვა შემთხვევებისგან გასული წლების მანძილზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონიათ რეაქცია იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ ჩვენი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს და რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა საერთაშორისო იზოლაციაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან მოითხოვა, რომ გასაჯაროვდეს “რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე ანექსიის პროცესზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით”.

პარტიაში “საქართველოსთვის” გაიხსენეს “ქართული ოცნების” რიტორიკა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით – ომის დაწყებაში საქართველოს, კონკრეტულად მაშინდელი ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობის” დადანაშაულება და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივა.

“ოცნების” ბოლო დროინდელი ქმედებები, საჯაროდ მოხდილი ბოდიში, 2008 წლის აგვისტოს ომში აგრესორად საქართველოს წარმოჩენის მცდელობა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც ქართული მიწის დაცვისათვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისათვის, “ოცნების” ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და რუსული პროპაგანდისტულ ნარატივებით ასამართლებს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.

მოვუწოდებთ “ოცნების” ხელისუფლებას, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილის და უმოქმედობის რეჟიმიდან და მოახდინოს მკაფიო რეაგირება მომხდარ ფაქტზე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და შესაბამისი ფორმატების მობილიზაცია, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი”, – წერია პარტიის განცხადებაში.

რუსეთის დუმამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან “თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე “საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.

ასევე დაგეგმილია ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანება, საერთო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, სოციალური, შრომითი და კულტურული სფეროების თანამშრომლობის გაფართოება.

დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

ამავე თემაზე: