მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელი, გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული.
თუმცა ქვეყანას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ უახლოეს საათებში გამოქვეყნდება ვიდეო, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ იღებს ფულს და ინსტრუქტაჟს გიორგი უძილაური.
„თქვენ გახსოვთ სუს-ის ბრიფინგი, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა და სადაც იყო პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე და ა.შ. კონკრეტული პირი. ეს მინიშნება, როგორც მივხვდი, სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით ჯაშუში და 2 ადამიანი პასუხისგებაში მიცემული, ძალიან საინტერესო ადამიანები. ამ სამუშაოს წარმოებასთან მიმართებით საინტერესოობაზე ვსაუბრობ. შემდეგ იყო, თუ გნებავთ, ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტს აღარავინ არაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.
ჩვენ დღე-ნახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ და რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე ვთხოვ უსაფრთხოებისა სამსახურს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, სხვა ნაწილს, ხვდებით, რატომ ვერ გამოაქვეყნებენ, როგორ იღებს დირექტივებს კონკრეტული ადამიანი მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისზე. მე აქედან გავალ თუ არა, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს სამი ნაწილი გამოაქვეყნოს… რადგან ვიღაცამ ეჭვი შეიტანა, მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების, ფულის გადაცემის და ხელმოწერის ნაწილი. ამის იქით, ხვდებით, რომ განსაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებიდან მალევე სუს-მა ვიდეო გაავრცელა.
„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, – წერს სუსი ვიდეოს აღწერაში.
ყოფილი ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ წარმომადგენელი, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.
სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი უძილაური ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
უძილაურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამიტომ დეტალები საჯარო არ არის.
