დღეს, 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ე.წ. ორგანიზატორების ჯგუფის დასკვნითი სხდომა იმართება. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

განახლება: მოსამართლემ ათივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

  • პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
  • მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
  • ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
  • პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
  • ლაშა ბერიძე — 7 წელი;
  • ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
  • ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
  • თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
  • ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
  • გური ჟვანია — 5 წელი.

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმე 5 ნაწილადაა გაყოფილი. ე.წ. ორგანიზატორების ჯგუფში- ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი შაიშმელაშვილი. ასევე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულთა ნაწილმა საბოლოო სიტყვები თქვა. ნეტგაზეთი გთავაზობთ ძირითად მონაკვეთებს ბრალდებულთა საბოლოო სიტყვებიდან:

“არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში გავატარე. იქ გაჩნდა ორი საქართველოს განცდა, როცა აფხაზი ქართველები რუსებმა მოგვწყვიტეს. ეს შეგრძნება ეყრდნობოდა იმას, რომ გაჩნდა შიში, “ისინი ჩვენ მოგვკლავენ, გაგვყრიან”. ეს შიში რომ გაჩნდა სოხუმის ქართველებში, გაჩნდა იქითაც. იშვა ორი საქართველო, რომელიც ერთმანეთს დაეჯახა და იცით ყველამ, რამხელა დარტყმა მიიღო ქვეყანამ. ძალიან არ მინდა და არასდროს არ ვუსურვებ არცერთ ქართველს, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს, რომ იგივე შეგრძნებები გაუჩნდეს. სანამ ეს შეგრძნებები არ არსებობს, არ არსებობს ორი საქართველო. არსებობს ერთი, ყოველგვარი გაორების გარეშე”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი, ნაციონალური მოძრაობის წევრი

“პროფესიონალი მოძალადე ვარ-მეთქი და კიდევ გავიმეორებ. მაგრამ საქმე ის არაა, მე რას გავიხუმრებ და რას არა. საქმე ის არის, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია პროკურატურას. დიდი ძალისხმევაც არ გაუღიათ, რომ საქმე შეეკერათ. ამ პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი არის დაშინება. ეშინოდეს, ვისაც პროტესტის გამოხატვა მოუნდება, გარეთ მყოფი საქართველოს მოახლოების დაშინებას ემსახურება, რომ ვერ გაბედონ პროტესტი.

პოლიტიკურადაც მცდარი გადაწყვეტილებაა, არამარტო სამართლებრივად, თუ ადამიანებს ასეთი მძიმე განწყობა აქვთ პროტესტის, ის მაინც მივა მიტინგზე, მაგრამ მოვა და იფიქრებს, რა მშვიდობიანადაც არ უნდა მოვიქცე, მაინც მათრევენ ციხეში და მაშინ ჯობია ჩავიდინო დანაშაულიო. შემდეგი თაობის ხალხი, ვინც მოვა, ვშიშობ, რომ უკეთ „შეიარაღებული“ იქნება. ერჩივნებათ, იმაზე გაასამართლონ, რაც მართლა ჩაიდინეს, თუ მაინც უნდა გაასამართლონ.
350 000 ადამიანი სოციალურად გაჭირვებული და მშიერია. ლარ-ნახევარს აძლევენ და იმასაც ჰპარავენ. ხანდახან მეშინია, არ გაბაზრდეს, ციხეში კვება გამოსწორდაო და ამ ხალხმა დანაშაული არ ჩაიდინოს, ციხეში უკეთ გვაჭმევენო.

აკრძალული მაქვს, მაგრამ ერთხელ მაინც მივიღე წერილი. არც ვიცი, ვისგან. სხვადასხვა “აკაცუკი” აწერს ხელს. ეს სიტყვა არც ვიცოდი მანამდე, “ქოცების” მოგონილი დამამცირებელი სიტყვა მეგონა. ამიხსნეს, სერიალი ყოფილა, “ნარუტო” და “აკაცუკები” ბოროტებას ებრძვიან. და კი, ვარ “აკაცუკი”, არ მაქვს პრობლემა”, – განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ლაშა ბერიძე

“საქმეში არ დევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ არათუ სსკ-ის 225-ე მუხლით, არამედ, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ ჩამიდენია.
მე კი არ ვემიჯნები მშვიდობიან აქციას, არამედ ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, ამას ვამტკიცებ.

იქნებ ამიხსნათ, სხვისი გამოსვლები და მოწოდებები როგორ იქცა ჩემს გამოსვლად და მოწოდებად? გამიგია, ნარკოტიკი ჩაუდეს, იარაღი ჩაუდეს. მაგრამ მოწოდება ჩაუდეს ადამიანს, ეგეთი რამ არ გამიგია. ეს რაღაც ახალი სამართლებრივი სიმაღლეა.
ბრალდება ამითაც არ კმაყოფილდება და ამბობს, რომ „წარმოდგენილ ვიდეოებში ნათლად ჩანს, რომ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ ხუთივე [ორგანიზატორები] ერთად მიემართება პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით მისი ძალის გამოყენებით ხელში ჩასაგდებად“. ბატონმა პროკურორმაც კარგად იცის, რომ მე სასახლესთან არ ვყოფილვარ.

საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო. ბატონო ირაკლი [მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე], აქვე გიდასტურებთ კეთილ სურვილებს და გულწრფელად არ მსურს, ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ — იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის. დიდება უფალს! დიდება საქართველოს!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძე

“მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციაზე დგომისთვის ფულს იღებს?! ვინმეს მართლა გგონიათ, რომ ოჯახებთან ყოფნას, საყვარელი საქმის კეთებას, აქციებზე დგომა გვირჩევნია? ბატონი პაატას [ბურჭულაძის] ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აღემატებოდეს იმას, რაც ამ პროკურორებმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა.

ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია და არც გატაცება. დაკითხვისას პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით და ამისთვის გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. მაშინ აღარავის დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხსენება.

ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. როცა გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში.

დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ამის შესახებ სააკაშვილი, მაგრამ მან დათმო ხელისუფლება იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერები იქცევიან ასე.

იყო „ქართული ოცნება“ სწორი არჩევანი? ხალხმა ამაზე პასუხი მალევე მიიღო, როცა პირველი კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო. დიახ, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომ ახალ მთავრობას ჰქონოდა ყველა შესაძლებლობა, შეესრულებინა დაპირებები”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძე

“ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, მე რომ მნდომებოდა, ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?!

ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.

ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“ პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენა იმის თაობაზე, თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე / ნეტგაზეთი

“დედაჩემს მინდა ვუთხრა, არ ინერვიულოს. პირველი არაა, ვერაფერი ვერ დავანახე ნერვიულობის მეტი ცხოვრებაში. მაგრამ ძლიერი ქალია და გაუძლებს. მთავარია, იცის, რომ მართალი ვარ და უდანაშაულო. პესეჟესა და ბაიერნს შორის თამაშის მერე, წუხელ, გულშემატკივრებმა დაანგრიეს და გადაწვეს ქალაქი. ქართული კანონმდებლობით, ორგანიზატორი იყო ლუის-ენრიკე და შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია. თუ თქვენ ოდნავ მაინც თავისუფალი იქნებით თქვენს გადაწყვეტილებაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქედან წავალ სახლში. თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც აქამდე, ისევ გამაცილებთ გლდანში”, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

ირაკლი ჩხვირკია

რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეთაგან 10-პირიანი საქმის ბრალდებულებს:

  • პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
  • გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და  ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.

64-პირიანი საქმე 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.

58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.

ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.

ამავე თემაზე: