მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რომელიც ერთ-ერთი საპატრიარქო კანდიდატია, აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში გარე ჩარევები და ზეწოლა ხდება.

„დაიკარგა, მოპარულია დიპლომი. დღესდღეობით აღდგენილი არის უკვე. ნამდვილად მოპარულია, რადგან მე ჩემი თვალით ვნახე. საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროდ. როცა დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი სასულიერო სასწავლების დამთავრების დიპლომიო. როცა მე წავედი, სადაც ვიცოდი, რომ იყო [დიპლომი], იქ აღარ იყო.

წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წესდება შესაცვლელია და ალბათ უნდა შევცვალოთ მომავალში. იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით. მე მინდოდა, რომ მიეღოთ მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც.

მე ჩემი ხედვები უკვე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამის შესახებ. ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. [მაგალითად] ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში.

[საგარეო ჩარევებზე] ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.


მიტროპოლიტ იობისთვის განათლების ხარისხის დადასტურება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი, რომელიც ადასტურებდა, რომ მან მცხეთის სასულიერო სემინარია დაასრულა, მისი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა. მიტროპოლიტი იობის დიპლომის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) გაავრცელა და გამოთქვა ეჭვი, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი მოიპარეს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებით, იმისათვის, რომ მიტროპოლიტ იობს საპატრიარქო კანდიდატად წარდგენა შეძლებოდა, მას შესაბამისი სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის წარდგენა მოსთხოვეს. თუმცა მიტროპოლიტმა აღმოაჩინა, რომ დიპლომი, რომელიც მის რეზიდენციაში ინახებოდა, დაკარგული იყო.

სწორედ სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის არქონის მიზეზით ვერ შეძლო საკუთარი თავის საპატრიარქო კანდიდატად დაყენება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია). სინოდისთვის წერილობით წარდგენილ მიმართვაში მიტროპოლიტი ისაია აღნიშნავდა, რომ „ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი“. თუმცა სინოდმა მას საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ მისცა.