ფორმულაში აცხადებენ, რომ იციან, ვინ დაესხა თავს ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან.

ფორმულას ცნობით, თავდამსხმელი 2024 წელს 21 წლის იყო და მუშაობდა გდდ-ის მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში, ე.წ. დამრბევების დანაყოფში. ის სისტემიდან 2025 წლის დასაწყისში გაუშვეს, დაახლოებით იმ დროს, როცა თანამდებობა დატოვა გდდ-ის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ. შსს-ს შემდეგ თავდამსხმელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კერძო დაცვაში მუშაობდა, მოგვიანებით ეს სამსახურიც დატოვა. უცნობია, ამჟამად სად არის დასაქმებული და რას აკეთებს ეს პიროვნება.

ფორმულას გადამღები ჯგუფი დაუკავშირდა უშუალოდ ამ ადამიანს, ასევე ჩავიდა მის მშობლიურ სახლში – დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს თან ახლდა თავად გურამ როგავაც. ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ის შსს-ში მუშაობდა, თუმცა მათ არაფერი იციან როგავაზე თავდასხმის შესახებ.

თავდასხმის ფაქტი უარყო თავად ამ პიროვნებამაც.

“არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ. არანაირ ფაქტზე დაყრდნობის მიუხედავად უბრალოდ რაღაცებს იგონებთ. კარგად ბრძანდებოდეთ”, – უთხრა მან ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილს სატელეფონო საუბრისას.

ფორმულაში ამბობენ, რომ ამ პიროვნებასთან კომუნიკაციის შემდეგ მან ყველა სოციალურ ქსელში წაშალა ფოტოები, ვიდეოები და პირადი ინფორმაცია.

“ფორმულა” დაუკავშირდა გდდ-ის ყოფილ უფროსს, ზვიად ხარაზიშვილსაც.

“პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი. ნამდვილად არ ვიცნობ”, – უთხრა მან ჟურნალისტს და დაამატა,-  “თავდასხმებს ჩემი დანაყოფის წევრები არ აწყობდნენ”.

სპეცრაზმელი გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში დაესხა თავს. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები. მას შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუვლენია სავარაუდო დამნაშავე.

ამავე თემაზე: