ალეკო ელისაშვილის საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გრძელდება. პროკურატურამ და ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატებმა შესავალი სიტყვები თქვეს.
სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ალეკო ელისაშვილმაც და 15 წუთზე მეტხანს საუბრობდა. ქვემოთ წაიკითხავთ მის სიტყვას, რომელსაც ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ. როგორც ბრალდებულმა წინასწარ ითხოვა, მოსამართლე გიორგი გელაშვილს მისთვის ერთხელაც არ შეუწყვეტინებია და ყურადღებით უსმენდა.
ალეკო ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა მის პირად მოტივაციაზე, ბრაზზე, განცდებზე, რაც მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ჰქონდა და რაც ამოძრავებდა ჩაედინა ის ქმედება, რის საფუძველზეც პროკურატურა მას ახლა ტერაქტის მცდელობაში ადანაშაულებს.
ელისაშვილმა ასევე ისაუბრა პერსონალურად მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიციელების მხრიდან, რომელთაგან აქამდე არცერთი დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი იდენტიფიცირებული ჰყავს. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ზაქარია ჩოხელს, რომელიც მასზე ძალადობაში მონაწილეობდა და რომელმაც, მისი თქმით, შეუამავლების გავლითა და „პურმარილის მოწყობით“ სცადა მასთან მოგვარება, როცა მისი გვარ-სახელი ელისაშვილმა საჯაროდ განაცხადა.
თუმცა ელისაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველაზე აუტანელი იყო ის დანაშაულები, რასაც პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სხვა ადამიანების წინაშე სჩადიოდა.
გარდა შესავალი სიტყვებისა, დღევანდელ სხდომაზე ელისაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობაც გადასინჯეს. ელისაშვილი რჩება პატიმრობაში, რადგანაც, როგორც პროკურატურის, ისე მოსამართლის აზრით, არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებაზე ზემოქმედებისა და მიმალვის რისკი.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილს ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს, შაბათს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე მდგომ, დამხმარე ე.წ. კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას.
გარდა ამისა, 30 მარტს მას ახალი ბრალიც წაუყენეს, თითქოს ელისაშვილმა 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი გააჩინა. ელისაშვილი უარყოფს, რომ შარშან მაისში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონაა.
ალეკო ელისაშვილის სიტყვა სასამართლოში 22 აპრილს:
„ისე გამოდის, თქვენი ბრალით, რომ ჩვენ დანიაში ვცხოვრობთ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამართლიანობა ყვავის და ეს შენობა არის სამართლიანობის, უსაფრთხოების გარანტი მოქალაქეებისთვის. მე უცბად რაღაცამ დამარტყა თავში, წამოვხტი შაბათს დილაუთენია, ხუთ საათზე, ამოვიჩარე ბენზინი იღლიაში, მოვედი და უნდა დამებუგა აქაურობა. „ბელაია გარიაჩკა“ დამემართა?
სინამდვილეში, ეს შენობა არის ხალხის ღირსების აყრის, უსამართლობის, შეურაცხყოფისა და ტყუილის ბუდე. ამ შენობაში ქალებს სცემდნენ და მერე იძახდნენ, ესენი ქალები არ არიანო. მერე ის კაცები, ალბათ, სახლში მიდიოდნენ და მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამდნენ.
მოტრიალდა ეს ამბავი და ვაი იმათ, ვინც ამას სჩადიოდა – მოსამართლიან-პროკურორიან-მანდატურიანად. დადგა დრო, როცა დაინახავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ ადარდებს დედამიწაზე საკუთარი ოჯახის გარდა. მდინარაძემ ეს დაინახა და ამიტომ ჰქონდა ისეთი სასოწარკვეთილი სახე გუშინ.
კობახიძე რომ ხარ, ბიძინა და მდინარაძე, ზერელედაც რომ გადახედო საქართველოს ისტორიას, ხომ უნდა ნახო, რომ რაც უნდა გვჩაგრო, რაც არ უნდა მოგვერიო, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ. ახლაც ეგ ხდება. თუ არ გჯერათ, მდინარაძის გამომეტყველებას შეხედეთ. რუსები ვერ მოგვერევიან და მადლობა ყველას, ვინც ფეხს არ იცვლის თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ჩვენ ვწერთ ისტორიას. უფრო სწორად, თქვენ, ვინც გარეთ ხართ. მე იქ ნერვიულობის გარდა ბევრი არაფერი შემიძლია.
რუსეთი მარცხდება ყველგან. გრძნობს ივანიშვილი. ნამუსი არ აქვს და ეს ქვეყანა არ უყვარს, თორემ იმპულსები აქვს… იმის დედა ვატირე! მან დაინახა, რომ რუსეთი უკრაინაში გაიჭედა, ვენესუელაში, ირანში, უნგრეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. აქაც მარცხდება. ჩვენ ვამარცხებთ რუსებსაც და ივანიშვილსაც.
ასობით ადამიანია ციხეში. იმ 17 წლის ბიჭებს ვენაცვალე, რომ არ გატყდნენ. მზია ამაღლობელი უკვე ისტორიაა, მოსიარულე ლეგენდაა და ამ ქვეყნის ისტორიის ერთი თავი დაწერა. პოლიციელებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა საკუთარ თავებს ჰკითხეთ, როცა დაბერდებით — რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის?!
იგრძნო იმ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა], რომ მორჩა ეს ამბავი. გუშინ დასვამდნენ მდინარაძეს და თავის კომპრომატებს რეტროსპექტიულად გადაათვალიერებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი აწმენდს მაგათ ხელებს. ჯოჯოხეთი გავიარეთ და თანდათან ჩვენი გამარჯვების დრო დგება.
ახლა რაც შემეხება მე: 2025 წლის 4 დეკემბერს ერთმა აზერბაიჯანელმა პროვოკატორმა ქუჩაში შემაგინა. საქმე აღმიძრეს ოპოზიციონერს, თითქოს პოლიტიკურ დევნას ვახორციელებდი. არაფერი იმ კაცს არ სჭირდა. შემოვარტყი და არ მეამაყება იმ კაცის ცემა, მაგრამ რომ მაგინებენ, ვერავის გავუტარებ. არც დაურეკავთ, არაფერი შეუტყობინებიათ. ორ დღეში ოპოზიციური შეხვედრიდან გამოვდიოდი, როცა ნიღბიანმა ტიპებმა დამავლეს ხელი და ცემით შემაგდეს მანქანაში. პირველაშვილი იყო პოლიციელი, ყოფილი კალათბურთელი, ვინც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და პირველმა ჩამავლო ხელი.
ნეკნი მომტეხეს, მაგრამ ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ ჯიბეებში მიძვრებოდნენ პოლიციელები და სპეცრაზმელები. ცემა დამიწყეს, რატომ არ გაქვს ჯიბეში საფულე და ტელეფონიო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღძრა საქმე, გამოძიება ერთი წელია მიდის და შედეგი – არაფერი. მეტყვიან, ნიღბები ეკეთათო. მოიხსნეს მერე განყოფილებაში და ყველას ვიცნობ სახეზე, ისეთი მახინჯები იყვნენ. ეს საქმეც გადადეს.
მანამდე საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი. 2024 წლის 17 აპრილს ხდებოდა ეს ამბავი. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ვიდექი. სირაძე რომ არის პოლიციელი, მაგის მითითებით კორდონში შემათრიეს პოლიციელებმა და რამდენიმე წუთი არაფერი არ მახსოვს, იმიტომ, რომ ძირს ვეგდე. ბათინკები მახსოვს, რომ მიახლოვდებოდა და მხვდებოდა. კანცელარიის დროშის ფლაგშტოკზე თავი მიმარტყმევინეს ისე, კადრები რომ ვნახე, მერე გავიხსენე, ისეთი გაბრუებული ვიყავი ცემისგან.
პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი, მიცავდა იმუნიტეტი, მიცავდა კონსტიტუცია. ცემა ისედაც არავისი არ შეიძლება, მით უმეტეს, დეპუტატის. დამაკავეს, ერთი საათი ვიყავი ბარათაშვილის ქუჩაზე, სამარშრუტო მანქანები რომ ჰყავთ. წამიყვანეს დიდუბის პოლიციაში. აღიძრა მერე საქმე, ფიზიკურადაც მეტყობოდა დაზიანებები, ნეკნიც მომტეხეს, თავ-პირი დამალეწეს, როგორ მტენიან მანქანაში და როგორ მიბრახუნებს 20 კაცი, ესეც არის გადაღებული; დასკვნაც არსებობს. 2 წელი გავიდა, აბა, რა ხდება? — არაფერი.
„ტვ პირველმა“ სხვა რაკურსიდან გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ძალიან კარგად ჩანს სახეზე რამდენიმე პოლიციელი. ვიცი ერთ-ერთი პოლიციელი — ზაქარია ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და იმ დროს, როდესაც მე მცემდა, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი. შევიტანე განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რამდენიმე პრესკონფერენციაც გავმართე.
პრესკონფერენციის გამართვის დღეს „ფეისბუკი“ გააუქმა [ჩოხელმა]. გამომიგზავნა შუამავლები, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელი, ბიჭებს რაღაც შეეშალათო და პურმარილი უნდათ, რომ იკისრონო. კი შევუთვალე, ის ქათმის ფეხი და გოჭის კანჭი სად უნდა წაეღოთ…
სხვების სახელები არ ვიცი, მაგრამ ზაქარია ჩოხელს რომ დაიჭერთ, პასტას და ფურცელს ვერ გააგდებინებთ ხელიდან, ლექსად დაწერს, ვინ იყვნენ დანარჩენები.
კითხვა მაქვს თქვენთან: 2 წელი გავიდა. რატომ არ არის დაჭერილი პოლიციელი ზაქარია ჩოხელი საქართველოს პარლამენტის წევრის ცემისთვის?
და რა მოხდა ამის შემდეგ, იცით? საქმე აღიძრა ჩემ წინააღმდეგ! შემოიტანეს სარჩელი ხულიგნობის ბრალით და 5000 ლარით დამაჯარიმეს. იმათ კი არაფერი არ უთხრეს, მე დამაჯარიმეს. ამით უნდა მეცხოვრა?! ეს არის თქვენი სამართლიანობის შენობა?! ამით უნდა მევლო? მცემეს, გამიტაცეს, კაცს თავი მომწონს, პარლამენტის წევრი ვარ, უშიშროების კომიტეტის წევრი ვარ — შვილები მყავს, ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ქართველი ვარ და ამ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო. წამიყვანეს, თავ-პირი დამალეწეს, ვიგინდარასავით შემტენეს მანქანაში, ჯიბეებში მიძვრებოდნენ, ქათმის ბარკლით უნდოდათ მოეყომარებინათ ჯიგრებს ეს ამბები და აქეთ მე მაჯარიმებთ ხულიგნობაზე?
უსინდისო ვიყო, ეს ყველაფერიც არც მადარდებდა. „რადიო თავისუფლებას“ ჰქონდა ინტერვიუ, გოგო იძახდა, სახე ჰქონდა დაფარული, რომ პირში მაფურთხებდნენ პოლიციელებიო და ისე შემეშინდა, ჩავიფსიო. რა ნამუსით უნდა მეცხოვრა, რა ნამუსით უნდა დამეძინა და გამეღვიძა ამ ქვეყანაში?
ან უნდა ამეღო და დამეხოცეთ სათითაოდ, ტყვიამფრქვევი უნდა გადამეტარებინა თქვენზე, ან ეს უნდა გამეკეთებინა, რაც გავაკეთე.
არ მეშინია, გინდა ტერორისტი მეძახეთ, რაც გინდათ, ის მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემს საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვარ ზაქარია ჩოხელი, დავიმალო 2 წელი და ქათმის ბარკლებით ვცადო რაღაცების მოგვარება. რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი.
მაგრამ მეორე ბრალი რომ წარმიდგინეთ და ტელესკოპით გადაღებულ კადრში, კილომეტრში, ვიღაცა ტიპი რომ დაძვრება და ბენზინს ასხამს, და ნიღაბი რომ უკეთია, რაღა მე ამომიცანით?! ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ ამოიცანით ამ 2 წლის განმავლობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ერთი პოლიციელიც არ ზის ციხეში დანაშაულის გამო, ნიღბები ეკეთათო, და მარტო მე ამომიცანით ნიღბიდან თუ როგორაა საქმე?“
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ:
„საქმე, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი. ჯეკა მიჭერს“ — ელისაშვილი ტერორიზმში წაყენებულ ახალ ბრალზე
