დღეს, 21 აპრილს ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს“, — განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
მისი თქმით, ის გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს — ოპოზიციის ჩახშობა, მედიის შეზღუდვა, ყველა მიღებული კანონი — ევროკავშირისთვის მიუღებელია.
კითხვაზე, უნგრეთში მთავრობის შეცვლის შემდეგ, შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ დაუწესდეს სანქციები, რასაც ორბანი მთავრობა ბლოკავდა, კალასმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით. როგორც კი მთავრობა ჩამოყალიბდება, ისინი მოვლენ და ჩვენ შეგვიძლია მათ ყველა ეს კითხვა დავუსვათ. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხის გამო, რომელიც დაბლოკილია, ჩვენ ხელახლა ვხსნით დისკუსიებს და ვიმედოვნებთ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ“, — დასძინა კალასმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბუდრისის თქმით, ევროკავშირმა დააგვიანა „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირება, მაგრამ ახლა (უნგრეთში მთავრობის შეცვლის შემდეგ) უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, თუ საქართველო მზად არაა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, ბრიუსელმა უნდა დააყენოს ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის გაუქმების საკითხი.
„ჩვენ დავაგვიანეთ. ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტი ხნის წინ ლიეტუვამ წამოაყენა წინადადება სანქციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ, რომ ისინი ევროკავშირის დონეზე დაწესებულიყო და ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ახლა, ერთი წლის შემდეგ, როცა საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო მეტი უკუსვლაა, ეს სწორედ იმის შედეგია. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. ასეთია შედეგი. ასე რომ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ.
საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ აიღეს ვალდებულება, დაიცვან დემოკრატიული სტანდარტები. მათზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების შესრულება. თუ ისინი მზად არ არიან ამისთვის, მაშინ უნდა დავსვათ ასოცირების შეთანხმების ან კანდიდატის სტატუსის საკითხი. მაშინ დავასრულოთ ეს და სულ სხვა ეტაპზე ვიქნებით“, — განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სანქციების დაწესებას ემხრობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
„ევროკავშირმა უნდა დააწესოს პერსონალური სანქციები ქართული [ოცნების] რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ნამდვილად ხელყოფენ დემოკრატიას. ესტონეთმა ეს უკვე გავაკეთეთ“, — თქვა მარგუს ცაჰკნამ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ განაცხადა, რომ ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და გადასცა რუმინული და ევროპული მხარის გზავნილი სასამართლო სისტემის რეფორმისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის საჭიროებების შესახებ.
„ეს არაერთხელ მითქვამს და ზუსტად იგივე გზავნილი გადავეცი საგარეო საქმეთა მინისტრსაც — ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ განვაცხადეთ და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე ამ დიალოგის განახლების, ამ გზის გაგრძელების საჭიროების შესახებ, თუმცა ასევე აუცილებელია რეფორმები, რათა ეს მოხდეს. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ციხეში ჩასვეს, რეალური მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულება არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების — ეს ჩემი კოლეგისთვის საუბრის მთავარი პერსპექტივა იყო — და იმის შესახებ, რომ დაკავშირებადობა და ღია დიალოგი, ჩვენი უნარი, შევქმნათ პროევროპული ალტერნატივა პრორუსული გავლენის საპირწონედ, არის წინსვლის გზა… დემოკრატია ფუნქციონირებს იქ, სადაც ოპოზიციაა“, — განაცხადა ოანა-სილვია ტოიუმ.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი საჭიროდ მიიჩნევს დაეხმაროს საქართველოს, გააგრძელოს გზა ევროპული ოჯახისკენ, რაც მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
„ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს, რომ გააგრძელოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროპული გზა“, – განაცხადა ალბარესმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითებს შორისაა უკრაინა, ლიბანი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ირანში ომის ბოლოდროინდელი მოვლენებისა და რეგიონზე მისი ზემოქმედების გათვალისწინებით, ასევე სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ევროკავშირ-სომხეთის მომავალი სამიტის წინ, ევროკავშირის ურთიერთობები აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე გადაწყვეტილების მიღება დღეს მოსალოდნელი არ არის.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა შეხვედრის წინ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის როლზე ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში, თუმცა ამ კონტექსტში საქართველო გამოტოვა და ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობას.
„დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის ახალი სტრატეგიის დაწყება. სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი დაკავშირებადობის დღის წესრიგია. ამ დღის წესრიგის მეშვეობით ჩვენ ვვითარდებით სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რათა ევროპა უკეთ დავუკავშიროთ ცენტრალურ აზიას. ეს ეხება ვაჭრობასა და ენერგეტიკას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მოწყვლადები ვართ დღეს, როდესაც ჩრდილოეთით სავაჭრო გზები რუსეთის გამო შეფერხებულია, ხოლო სამხრეთით სავაჭრო მარშრუტები ირანში მიმდინარე ომის გამო არის შეფერხებული. ასე რომ, გზა, რომელიც ახლა იქ ხელმისაწვდომია, არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში.
ამიტომ, დღეს განვიხილავთ, როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ განსაკუთრებით იმ სამ ქვეყანასთან, რომლებიც ვახსენე — სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს გარკვეული კონკრეტული პროექტები“, — განაცხადა მარტა კოსმა.
ამავე თემაზე:
საქართველო გაფართოების ნაცვლად EU-ის დაკავშირებადობის დღის წესრიგში?
