ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ავიჩაი ადრააის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისინი თავს დაესხნენ ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს თეირანში.

საუბარია ათობით ობიექტზე, სადაც ირანის რევოლუციური გვარდია ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებდა. ასევე, მათი შემნახველი სივრცეები.

“საჰაერო ძალებმა, სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით, გუშინ ღამით ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელა ირანის ტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებულ ათობით ობიექტზე

[…] ამ ობიექტებზე თავდასხმა სერიოზულ ზიანს აყენებს ირანის ტერორისტულ რეჟიმის შესაძლებლობებს, გააგრძელოს ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოს”, – წერს ადრააი.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, მათ დაბომბეს საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი, რომლებიც მთელი ირანის მასშტაბით იყო განლაგებული.

28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.

ამავე თემაზე: