ირანის ელჩმა კვიპროსში დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა, მისი შვილი, მოჯთაბა ხამენეიც დაშავდა.

ამის შესახებ ალირეზა სალარიანმა „გარდიანს“ განუცხადა.

„ისიც იქ იყო და დაბომბვის დროს დაშავდა, თუმცა ეს უცხოურ ამბებში არ მინახავს. გავიგე, რომ ფეხებში, ხელსა და მკლავში დაიჭრა… მგონი, საავადმყოფოშია, რადგან დაშავებულია“, — განაცხადა ირანის ელჩმა კვიპროსში.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოჩენილა მოჯთაბა ხამენეი მას შემდეგ, რაც ახალ სასულიერო ლიდერად დასახელდა, ირანის ელჩმა განაცხადა, რომ არ ჰგონია,  ახლა სიტყვით გამოსვლისთვის თავს კომფორტულად გრძნობდეს.

ისრაელმა და აშშ-მა 28 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და დაბომბეს თეირანის ცენტრში მდებარე რეზიდენცია. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმას ალი ხამენეის ოჯახის 6 წევრი ემსხვერპლა. ირანული მედიის ცნობით, ალი ხამენეის ცოლი, მანსური, საჰაერო დარტყმიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ირანის ელჩი კვიპროსში ამბობს, რომ ალი ხამენეი თავის რეზიდენციაში იმყოფებოდა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად, მათ შორის მოჯთაბას მეუღლე ზაჰრასთან და მის მოზარდ ვაჟთან, მოჰამედ ბაგერთან ერთად, რომლებიც ასევე დაიღუპნენ თავდასხმის დროს.

„უზენაესი ლიდერი [ალი ხამენეი] მოკლეს მეუღლესთან, ქალიშვილთან, სიძესთან და ქალიშვილის 14 თვის ბავშვთან ერთად. ისინი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მახლობლად, საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ. უმაღლესი მეთაურებიც მოკლეს, რადგან ისინიც მიწვეულნი იყვნენ. უზენაეს ლიდერს ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა და სინამდვილეში იმავე ადგილას ცხოვრობდა, სადაც მუშაობდა“, — განაცხადა ირანის ელჩმა კვიპროსში.