სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ, უსაფრთხოების დაცვას მოახერხებს. თუმცა ჩუბინიძემ დაამატა, რომ არ ეთანხმება სააკაშვილის სამების საკათედრო ტაძარში მიყვანის იდეას.

“უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. რამდენად მოხდება ასეთი გამონაკლისის დაშვება, არ ვიცი […] უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა, მართალი გითხრათ, მე პირადად არ დავუჭერდი მხარს. იმიტომ, რომ მასებთან შესაძლებელია რაღაცა აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მუშაობენ სპეციალურ პროტოკოლზე, რომლითაც წარმართავენ პროცესს პატრიარქის დაკრძალვამდე პერიოდში.

“უსაფრთხოების ის პროტოკოლი იქნება მიღებული, რაც იქნება საჭიროებიდან გამდინარე […] ვცდილობთ, რომ შევუქმნათ კომფორტული პირობები საზოგადოებას, რომ თავისუფლად მოვიდეს და შევიდეს”, – ამბობს ჩუბინიძე.

მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს კათოლიკოს პატრიარქის გასვენებაში მისვლა. სააკაშვილის თქმით, მან ადვოკატს განცხადების დაწერა სთხოვა ნებართვის მისაღებად.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება. ისინი მიუთითებენ პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა პატიმრის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონში დაკრძალავენ. ის 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ილია მეორე 17 მარტს, გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ამავე თემაზე: