სანქცირებული ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ჩიხლაძე გახდა, განახლდა საბჭოს შემადგენლობა.

პროსამთავრობო ტელევიზიის  საბჭოს განახლების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართეს. 

მანამდე, 6 თებერვალს ირაკლი რუხაძემ სამთავრობო მედიის მფლობელობიდან გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამ ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა.

საჯაროს რეესტრის მონაცემების თანახმად, იმედის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ამჟამად ასეთია:

  • ირაკლი ჩიხლაძე – სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე, იმედის მფლობელი კომპანიის “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 10%-იანი წილის მფლობელი.
  • ნათია სონღულაშვილი -სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმედის მფლობელი კომპანიის, “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 10%-იანი წილის მფლობელი. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
  • მარიამ ლომიძე – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იმედის მფლობელი კომპანიის, “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 10%-იანი წილის მფლობელი, ტელე იმედის გენერალური დირექტორი;
  • საბჭოს წევრები ასევე გახდნენ მაგდა ანიკაშვილი, ვასილ კალანდარიშვილი და მაია ჩიგოშვილი.
რეესტრში განახლებული მონაცემებით, “იმედის” ღირებულება 30 მილიონი ლარია.  ტელეკომპანია, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით, სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა.
„ტელეიმედის“ მფლობელის ცვლილებიდან 18 დღის შემდეგ, 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები “იმედი” და POSTV დაასანქცირა.

როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.

დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
გაერთიანებული სამეფოს დასაბუთება “იმედთან” და POSTV-სთან დაკავშირებით ისაა, რომ „ისინი თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებენ და ავრცელებდნენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ისინი რეგულარულად ავრცელებენ შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

ამავე თემაზე: