„ევროკავშირი კვლავაც მზად არის, პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის მძიმე უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, — განაცხადა ევროკომისარმა კლიმატის საკითხებში ვოპკე ჰუკსტრამ, რომელმაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიცია წარმოადგინა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის არის პასუხი იმ ვალდებულებების განზრახ დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანამ აიღო, განსაკუთრებით, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში.
„საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ უარესდება. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა შეგნებულად მიჰყავს ავტოკრატიისკენ. ისინი არღვევენ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. უახლესი კანონები, რომლებიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას, დემონსტრანტებზე ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტების და ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასთან ერთად, საკმაოდ ნათლად აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობის, თავად დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უგულებელყოფას. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები ელიან ხელისუფლებისგან, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ასე რომ, ჩემი პირველი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას ეხება: ასეთი ქმედებებითა და ასეთი კანონებით საქართველოს აშკარად არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სიცოცხლისუნარიანი გზა — არც 2030 წლისთვის, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს, და არც საერთოდ — თუ ეს კურსი გაგრძელდება“, — განაცხადა ევროკომისარმა.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მკაცრი, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა. ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თვითნებურად დააკავეს, სასტიკად ეპყრობოდნენ და დააპატიმრეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ელენე ხოშტარიას მიმართ. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი“, — განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.
ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით აბსოლუტურად აკრძალულია და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევებისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.
„ოპოზიციის ლიდერებს შეექმნათ ძალადობის საფრთხე, ისინი დააკავეს და კონსტიტუციური აკრძალვაც მოსალოდნელია. ასეთი რეპრესიული ტაქტიკა ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ განსხვავებული აზრისა და ოპონენტების გასაჩუმებლად. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია“, — დასძინა ევროკომისარმა.
