სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს ვადამდე ადრე მიენიჭა მორიგი სპეციალური წოდება.

ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მდინარაძე „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“ გახდა.

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5⁶ მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“, – ნათქვამია ბრძანებაში

მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. შესაბამისად,  ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას 6 თვეში მიაღწია. “სახელმწიფო უსაფრთხოების გენერლობამდე” მდინარაძეს ამჟამად მხოლოდ პოლკოვნიკის წოდება აშორებს.


პირველი თებერვლიდან სუს-ში ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები გასული წლის დეკემბერშიც გაიზარდა.

ახალი, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით, სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან, ჯამში, 15 945 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი- წოდებრივი].

იანვარში მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].

მამუკა მდინარაძის, როგორც სუს-ის უფროსის, თანამდებობრივი სარგო გასულ წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.

სუს-ში ხელფასთან ერთად წოდებრივ სარგოებსაც იღებენ, რომლის ოდენობებიც ასევე გაიზარდა.

სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით, სუს-ში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის- 14 340 ლარი.

თანამდებობრივი სარგო სუს-ში 2026 წლის პირველი თებერვლიდან

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, 2025 წლის 26 ოქტომბერს, ვადამდე ადრე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. მანამდე კი, 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს კი – კაპიტნის წოდება მიანიჭა.

წოდებრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან