ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ნახიჩევანის მიმართულებით განხორციელებულ დრონების შეტევებზე პასუხისმგებლობა აღიარა , – როგორც Trend იუწყება, ამის შესახებ ფეზეშქიანმა დღეს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ირანში უზენაესი ლიდერისა და მაღალი რანგის სამხედრო მეთაურების მკვლელობის შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლი კონტროლის გარეშე გახსნეს.
ფეზეშქიანის განცხადებით, ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის საბჭოს სხდომაზე შეიარაღებულ ძალებს დაევალათ, მომავალში აღარ განახორციელონ დარტყმები და არ გაუშვან რაკეტები იმ ქვეყნებზე, რომლებიც ირანს არ ესხმიან თავს – საპასუხო მოქმედებები განხორციელდება მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხმებიან ირანს.
ირანის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა მეზობელ სახელმწიფოებს, რომლებიც მისი ქვეყნის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების სამიზნე გახდნენ.
5 მარტს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯთაბა დემირჩილუ, რომელსაც ირანული მხარის მისამართით მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ირანის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება
