5 მარტს, მას შემდეგ, რაც ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანული დრონებით იერიში განხორციელდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი არ შეეგუება ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტს და აგრესიას სახელმწიფოს წინააღმდეგ.“

აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, რომ ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული.

ერთ-ერთი დრონი აეროპორტის ტერმინალს მოხვდა. მეორე სკოლის მიმდებარედ ჩამოვარდა. დაშავებულები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 1998 წელს დაბადებული ასად ჯაფაროვი აეროპორტის თანამშრომელია. მას ქალა-ტვინის დაზიანება და ბაროტრავმა [წნევის ცვლილებით გამოწვეული ქსოვილების დაზიანება] აქვს, რაც აფეთქების ტალღამ გამოიწვია. მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით აღენიშნება სმენასთან დაკავშირებული პრობლემები.

1996 წელს დაბადებულმა მეხდი ასკეროვმა ჭრილობა მხრის არეში მიიღო. თავად ქალაქ ნახიჩევანში მცხოვრებმა 39 წლის რეიხანა ველიევამ აფეთქებით გამოწვეული ტალღის შედეგად ასევე მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ბაროტრავმა. გულმკერდის არეში მიიღო დაზიანება 1996 წელს დაბადებულმა ზულფუგარ ზულფუგარლიმ.

ექიმების თქმით, როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თავდასხმის ობიექტი იყო სამოქალაქო ობიექტები. ნახიჩევანის აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა მიმართულებები გახდა ირანის მხრიდან ვერაგული თავდასხმის მსხვერპლი. აზერბაიჯანული სახელმწიფო უმკაცრესად გმობს ამ ბინძურ ტერორისტულ აქტს, რომლის ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა უნდა აგვიხსნან, ბოდიში მოიხადონ. ამ ტერორისტული აქტის ჩადენაში დამნაშავე პირებმა კი სისხლისსამართლებრივად უნდა აგონ პასუხი“, — განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის უმაღლესმა მთავარსარდალმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ მიუღია მონაწილეობა „ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში“ და არც აპირებს ამას. მან ირანის ქმედება „უმადურობად“ შეაფასა. თუმცა, მისი თქმით, ირანს უნდა ახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მზადაა, უჩვენოს თავისი ძალა ნებისმიერ მტრულად განწყობილ აქტორს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. დაიბარეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ირანს აზერბაიჯანული მხრიდან საპროტესტო ნოტა გადაეცემა.

ნახიჩევანში მომხდარი დაგმო და აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის საელჩომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომლის განცხადებაში მოყვანილია ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას სიტყვები: „ირანული რეჟიმი ათწლეულია ატერორებს რეგიონს, ინახავს და აფინანსებს ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომელთაც დესტაბილიზაცია შეაქვთ სხვა ქვეყნებში“.

ირანული დრონების იერიში დაგმო საუდის არაბეთმა. „საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ირანის მცდელობას, მიაყენოს დარტყმები თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას“, — ნათქვამია განცხადებაში.

იმავე ხასიათისა და შინაარსის განცხადება გაავრცელა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ასევე უმკაცრესად გმობს „ბალისტიკური რაკეტით გასროლას მოძმე თურქეთის რესპუბლიკაზე და ირანული დრონებით იერიშს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთ აეროპორტზე.“

„ეს მტრული მოქმედებები სახიფათო ესკალაციას მოასწავებს და ირანის უპასუხისმგებლო თავდასხმების შედეგად ირღვევა სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ესაა პირდაპირ მუქარა, რომელიც რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზეა მიმართული“, — აცხადებს კატარი.

„დიდი ბრიტანეთი უმკაცრესად გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის უსაფრთხოებას. ასეთ რთულ მომენტში სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანსა და დაშავებულებს. საელჩო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას“, — აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი აზერბაიჯანში.

ნახიჩევანში მომხდარს გამოეხმაურა ისრაელიც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შარენ ჰასკელი წერს, რომ „აიათოლების რეჟიმმა დარტყმა მიაყენა მეზობელი ქვეყნის აეროპორტს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მან „ნიღაბი ჩამოიგლიჯა“ და ქაოსს თესავს, — „ირანი არ გაჩერდება, თუ ის მსოფლიომ არ შეაჩერა“, — ამბობს შარენ ჰასკელი.