დეკემბერში სემეკი ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფებს გადახედავს. ინფორმაცია BM.GE-ს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაუდასტურა. ნარმანიას თქმით, აპრილში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე შეიცვალა და ამიტომ აღარ გადაიხედება.
2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე თბილისში 54 თეთრს, რეგიონებში კი 57 თეთრს შეადგენს.
წყლის ტარიფი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის თბილისში ტონაზე 50 თეთრია, ხოლო მათთვის, ვინც სულადობით იხდის, ერთ ადამიანზე -₾4.52. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის ტარიფი 50 თეთრია რეგიონებშიც, სულადობით ქალაქების მიხედვით განსხვავდება.
ტარიფი იურიდიული პირებისთვის ბევრად მაღალია. 1 მ3 გაზი თბილისში იურიდიული პირებისთვის ₾1.14 ღირს, რეგიონებში სოკარს ფასი მითითებული არ აქვს, თუმცა სემეკის 2025 წლის ანგარიშში საშუალო ფასად დასახელებულია ₾1.08 დღგ-ს გარეშე, რაც დღგ-ს ჩათვლით ₾1.27 გამოდის. იდეაში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი დერეგულირებულია, თუმცა ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ფასის დაწევას, როგორც წესი, ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ახერხებენ.
ტარიფებს შორის სხვაობა წყალზე კიდევ უფრო მეტია. თბილისში 1 ტონა წყალი იურიდიული პირებისთვის, ფიზიკურ პირებთან შედარებით, 1660%-ით მაღალია და ₾8.80-ს შეადგენს, ტენდენცია მსგავსია რეგიონებშიც.
დავით ნარმანიამ ახსენა სიტყვა „გადახედვა“, თუმცა მიმართულება არ დაუკონკრეტებია. უმეტეს შემთხვევაში, ცვლილების დროს ფასი იზრდება ხოლმე. ენერგომატარებლების გაძვირება ინფლაციაზეც უარყოფითად აისახება და სხვა პროდუქციის ფასების ზრდასაც იწვევს.
