სახელმწიფო კომპანია”მოსავლის მართვის კომპანია” ჭარბი ყურძნის შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით ბიუჯეტიდან დამატებით ₾237 მლნ-ს ითხოვს.
სააგენტოს განმარტებით, ტენდერის ჩატარება პროცესს შეაფერხებს.
2008 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას ახორციელებს. 2013 წლიდან რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2013-2025 წლებში ყურძნის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.
სუბსიდია ორ ნაწილად იყოფა, პირდაპირ სუბსიდიად, როდესაც სახელმწიფო მევენახეს 1 კგ ყურძენზე პირდაპირ უმატებს გარკვეულ თანხას, და სახელმწიფოს მიერ ჭარბ და დაზიანებული ყურძნის შესყიდვად.
2026 წლის მარტში, #536 განკარგულებით, რთვლის სუბსიდირებაზე ₾60 მლნ გამოიყო, სექტემბერში მოსავლის მართვის კომპანიამ გაზრდილი სუბსიდირების დასაფინანსებლად დამატებით ₾50 მლნ მოითხოვა. თუ მოთხოვნილი ₾237 მილიონიც სრულად იქნა ათვისებული, მაშინ 2026 წლის ჯამური სუბსიდირების თანხა ₾347 მლნ-ს მიაღწევს. დაზუსტებული ინფორმაცია ნოემბერ-დეკემბერში გახდება ცნობილი.
ბოლო წლებში რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 65%-ს მიაღწია. 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთმა ქართული ღვინის ნაწილზე ემბარგო გამოაცხადა, შესაბამისად, თუ ემბარგო შენარჩუნდა, სახელმწიფო იძულებული გახდება, ან კიდევ უფრო მეტად გაზარდოს სუბსიდიის მოცულობა, ან დაუშვას, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შემცირდეს, რაც თავის მხრივ სოციალური პროტესტის რისკს ზრდის.
რუსეთის ახალ ემბარგოსა და მის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ამ სტატიაშია მოთხრობილი.
