ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

„განვითარებული მოვლენების ფონზე მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევხვედრივარ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“, — განაცხადა ისრაელის ელჩმა „ფორმულასთან“.

ელჩი ვალიდ აბუ ჰაიას თქმით, ახლა რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება საქართველოში.

„მათ მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას, ვინც ისრაელშია. ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ“, — განაცხადა ისრაელის ელჩმა.

საქართველოს მთავრობამ დღეს განცხადება გაავრცელა ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“.