ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს „რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“, თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.

ეს განცხადება CNN-ის მიერ დაფიქსირებულ ვიდეოებს მოჰყვა, სადაც ნაჩვენები იყო ქუვეითში გამანადგურებლის ჩამოვარდნა და პილოტის პარაშუტით მიწაზე დაშვება. CNN-ის მიერ გეოლოკაციით დაფიქსირებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოვარდება F-15E გამანადგურებელი ქუვეითის თავზე, აშშ-ის საჰაერო ბაზის მახლობლად.

განახლება: აშშ-მა დაადასტურა, რომ ქუვეითში „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად სამი F-15 გამანადგურებელი ჩამოვარდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები კარგად არიან.  „მეგობრული ცეცხლი“ სამხედრო ტერმინია და საკუთარი თანამებრძოლებისთვის ან მოკავშირეებისთვის ცეცხლის შეცდომით გახსნას ნიშნავს.


28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას , და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები.