გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დასთანხმდა აშშ-ის მოთხოვნას, გამოიყენოს ბრიტანული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო ცენტრებზე „თავდაცვითი დარტყმებისთვის“.
ამავდროულად, სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გაკვეთილები ისწავლა „ერაყის შეცდომებიდან“ და „არ შეუერთდება შეტევით მოქმედებებს“.
BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აშშ ირანის სარაკეტო ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოიყენებს RAF Fairford-ს გლოსტერშირში და დიეგო გარსიას, ინდოეთის ოკეანეში.
პრემიერ-მინისტრმა განცხადება კვირას ღამით, კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე დრონის დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.
კვიპროსში, აკროტირის სამეფო საჰაერო ძალებზე თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამისას მოხდა, რის შედეგადაც მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა კვირას განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომების“ განხორციელებით.
„შეძრწუნებულნი ვართ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით, რათა განადგურდეს ირანის შესაძლებლობა, გამოიყენოს რაკეტები და დრონები“, — ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
ირანის თავდასხმები განხორციელდა ჩრდილოეთ ერაყში, არბილთან ახლოს მდებარე მრავალეროვნულ სამხედრო ბაზაზე და იორდანიის აღმოსავლეთით მდებარე გერმანული არმიის ბანაკზე.
28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები.







