ახალი ამბები

კობახიძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ აპირებენ

27 თებერვალი, 2026 •
კობახიძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ აპირებენ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ აპირებენ.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა დიპლომატიური დემარშის სხვა ფორმა, გარდა ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებისა, გაერთიანებული სამეფოს მიერ „იმედისა“ და Postv-ს დასანქცირების გამო.

„რა თქმა უნდა არა [არ ვაპირებთ ელჩის გაწვევას]. ელჩი თვითონ ხომ არაფერს წყვეტს. ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს, არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შემფასებლის თვალით მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე…

ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენ აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.

დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და Postv-ს სანქცირების გამო, 26 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი