“40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია [ბრიტანეთის ელჩისგან] არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა”, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს (UK) ელჩთან შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა საგარეო უწყებაში.
“არცერთი არგუმენტი” – ეს არის “ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის მესიჯბოქსი, იგივე ფრაზა, რომელსაც ის ხშირად იყენებს ოპონენტების მიმართ პოლემიკისას.
“დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „პოსტივისთან“ და „იმედთან“ დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართულ ტელეკომპანიებთან [მიმართებით].
“ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი, რაიმე, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები. როდესაც ისინი თვლიან, რომ თურმე რუსებს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და მტკიცებულებების წარმოსადგენად, იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა, რომ გითხრათ, რომ მოლოდინი მაქვს ამის, მოგატყუებთ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
UK-ის ელჩს, გარეტ უორდს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.








