„საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთი“ (Transparency International UK) მიესალმება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეარხების — „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯების დასაწყისი და არა ამ პროცესის დასასრული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთის“ პოლიტიკის დირექტორის, დუნკან ჰეიმსის განცხადებით, „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია.
მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს და უშუალოდ ეს პირები უნდა დაასანქციროს, რომლებიც რეჟიმს უწყობენ ხელს.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რუსული ომის მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის დაასანქციროს ქართული ტელეარხები — „იმედი“ და POSTV — მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია. ეს მიუთითებს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა გავლენის ოპერაციებმა პირდაპირი როლი ითამაშა საქართველოს მიერ დიდი შრომით მოპოვებული დემოკრატიის დემონტაჟში.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფი საქართველოს კლეპტოკრატიისკენ მიაქანებს — ამ პროცესში კი ქვეყანა პუტინის გავლენის სფეროში სულ უფრო ღრმად შეჰყავთ. სანქციები სწორედ ამ რეალობას უნდა ასახავდეს.
დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უშუალოდ რეჟიმის ამ ხელშემწყობების წინააღმდეგ გაატაროს ზომები: გაყინოს მათი აქტივები, შეუზღუდოს წვდომა ბრიტანულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოს, რომ მათ ვერ შეძლონ ლონდონის გამოყენება პირად „უსაფრთხო ნავსაყუდლად“ ან „სადაზღვევო პოლისად“ მაშინ, როდესაც მათ საბოლოოდ მოუწევთ პასუხისგება“, – განაცხადა დუნკან ჰეიმსმა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.
დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.







