„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გუშინ, გვიან ღამით ვერის სასაფლაოზე, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების — დავით და გურამ (გუგა) კაკულიების — დეიდაშვილ გიორგი რუხაძეს ცეცხლი გაუხსნეს.
ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და საპასუხოდ რუხაძის დაცვამაც ისროლა.
„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძმები კაკულიების ნათესავს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, შესაბამისად, ის არ დაშავებულა და არც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა“, — აცხადებს „ტვ პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დაკავებული არავინაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. 2022 წლის 15 აპრილს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.
მკვლელობიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, 2026 წლის 17 თებერვალს პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები – გურამ და დავით კაკულიები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია დაასახელა. მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
კაკულიები უკვე 3 წელზე მეტია ციხეში არიან. ისინი 2022 წელს, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და 2023 წელს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ. რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, მასზე ძებნაა გამოცხადებული.








