სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას. მან ყვავილებით შეამკო მემორიალი, შემდეგ კი მედიასთან ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელია იმდენად, რამდენადაც ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ – მხარდამჭერი.
“25 თებერვალი არის ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ ყველანი ერთად. ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს ქართველი – გულით და სულით ქართველი – რომელიც არ განიცდის ამ დღეს და ვერ აღიქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის. ეს არის ის დღე, რომელზეც ყველა ახალგაზრდა – ყველა მოსწავლე, ყველა სტუდენტი უნდა ფიქრობდეს და ანალიზს აკეთებდეს, რათა ასეთი დღე ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ დაბრუნდეს.
ეს დღე, ასევე, არის იმის ამსახველი, თუ რა არის, რას წარმოადგენს რუსეთი. ზოგჯერ ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ საბჭოთა რუსეთი იყო. არა, ჯერ არ იყო საბჭოთა რუსეთი. ეს იყო რუსეთი, მისი წითელი არმია, რომელიც შემოიჭრა და დაიპყრო საქართველო.
[…] 25 თებერვალი არის ის დღე, როდესაც მთავრდება საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ შევიგნებთ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ვინ არის ამ ქვეყნის მხარდამჭერი და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო არსებობდეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ იყოს სხვებისგან აღიარებული, ჩვენი ადგილი გვქონდეს რეგიონში და მსოფლიოში, ჩვენი ადგილი გვქონდეს იმ თანამეგობრობაში, რომელიც იზიარებს ჩვენ ღირებულებებს – თავისუფლებას, სამართლიანობას. ეს არის ის, რაც ყველა ქართველს უნდა ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამ დღეს, აქ, ამაზე უნდა ვფიქრობდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. 25 თებერვალს მათ თბილისი აიღეს.
ამავე თემაზე:







