ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემდეგ, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ბრიტანეთის საელჩოსთან კითხვები აქვს.
როგორც „იმედში“ აცხადებენ, ბრიტანეთის საელჩოში წერილი გააგზავნეს და პასუხს ელოდებიან.
კერძოდ, „იმედი“ ბრიტანეთის საელჩოსგან პასუხს ელოდება შემდეგ კითხვებზე:
- კონკრეტულად რომელმა ქმედებამ და მედიაპროდუქტმა გამოიწვია უკრაინაში დესტაბილიზაცია?
- რომელ რუსულ ნარატივზე არის ლაპარაკი?
- რას დაეყრდნო ბრიტანეთის მთავრობა მაშინ, როცა სანქციაზე მუშაობდა?
„იმედმა“ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა. ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები “იმედი” და POSTV დაასანქცირა.
როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.
დაწესებული სანქციები: აქტივების გაყინვა, ტრასტული მომსახურების აკრძალვა, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქცია.
გაერთიანებული სამეფოს დასაბუთება “იმედთან” და POSTV-სთან დაკავშირებით: “ის თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებს და ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”.
სანქციები დაწესებულია 24 თებერვალს.
შეგახსენებთ, რომ დასანქცირებამდე ცოტა ხნით ადრე იმედიდან გავიდა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც ამ ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა.







