ახალი ამბები

უნგრეთი ვერ დაგეხმარებათ ევროკავშირში გაწევრიანებაში — გერმანიის ელჩი

24 თებერვალი, 2026 •
უნგრეთი ვერ დაგეხმარებათ ევროკავშირში გაწევრიანებაში — გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტი შეტანილი იყო მტკიცებულებების საფუძველზე.

სანქციების პაკეტი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს.

პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი საქართველოს მთავარი მოკავშირეა ევროკავშირში, თუმცა გაწევრიანებაში ეს არ დაეხმარება.

ეს განცხადება ფიშერმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს უკიდურესად რთულია. მაგრამ ყველაზე მეტად რთულია ახლა იყო უკრაინელი, იცხოვრო უკრაინაში. ვფიქრობ, უკრაინაში ყოველი მესამე ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული, საკვების დახმარებაზეა დამოკიდებული. ამ წუთას, სანამ აქ ვსხედვართ, ადამიანები უკრაინაში იყინებიან, რადგან რუსეთი თავს ესხმის არა მხოლოდ ფრონტის ხაზს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. გუშინ კანცლერმა მერცმა ისაუბრა ბარბაროსობაზე —ბარბაროსობაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბარბაროსობაზე თავად რუსეთშიც. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ბარბაროსულ სამყაროში. ჩვენ, გერმანელებს, ბარბაროსობის ისტორიული მეხსიერება გვაქვს. ოდესღაც თავად ჩვენ ვიყავით ბარბაროსები, თუ ეს სწორი სიტყვაა“, — განაცხადა ფიშერმა.

რაც შეეხება სანქციებს, ელჩის თქმით, ისინი მუშაობს.

„რუსეთი არ იგებს. რუსეთი მარცხდება. გუშინ ევროკავშირს უნდა მიეღო სანქციების მე-20 პაკეტი, რომელიც საკმაოდ ფართო იყო. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის მოიცავდა ახალ ზომებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, იმ პორტების წინააღმდეგ, რომლებიც იღებენ რუსულ ნავთობს და რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს. ვერ მივიღეთ, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს. ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის მოსახლეობის 3.3%-ს წარმოადგენს. და მათ ვეტო დაადეს საკითხს, რომელიც მთელი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური საკითხია. ბატონი ორბანი უკრაინელი ხალხის ზურგზე აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ორი ქვეყანა, განსაკუთრებით უნგრეთი — და გულწრფელად ვამბობ ამას — არღვევს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც გაწერილია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-4 მუხლში“, — განაცხადა ფიშერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა ასევე დაბლოკა 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი უკრაინისთვის.

„ჩვენ საქართველოში ვსაუბრობთ. მინდა შეგახსენოთ — უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, ის, ვისაც საქართველოს მთავრობა საკუთარ მოკავშირედ და ევროკავშირში მთავარ პარტნიორად ირჩევს. ის, ვინც როგორც ითქვა, დაგეხმარებათ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს არ მოხდება“, — თქვა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტი მხოლოდ ეჭვის საფუძველზე არ შედიოდა და მტკიცებულებებიც თან ერთოდა.

„სანქციების პაკეტში შედიოდა ყულევის პორტი. ეს იყო ევროკავშირში საკანონმდებლო წინადადება. ის ორმა ქვეყანამ (უნგრეთმა და სლოვაკეთმა) დაბლოკა. როდესაც ევროკავშირში სანქციების საკანონმდებლო წინადადებას ვამზადებთ, წარვადგენთ მტკიცებულებათა პაკეტს. უბრალოდ კი არ ვამბობთ — „შესაძლოა, ყულევში რაღაც ხდება, მოდი, დავასანქციროთ“. არა, ჩვენ ვამზადებთ მტკიცებულებებს. როგორც ადრე საჯაროდ ვთქვი, წინადადება შეტანილი იყო და მტკიცებულებათა პაკეტიც თან ერთოდა“, — განაცხადა გერმანიის ელჩმა.

პეტერ ფიშერმა ასევე ისაუბრა რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოშიც ვრცელდება.

„დღეს იწყება აგრესიის მეხუთე წელი უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელების მამაცი წინააღმდეგობის მეხუთე წელი. მთავარი პრინციპი არის ის, რომ უკრაინელებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ბედი. მათ უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ. მეხუთე წლის დასაწყისში გაიხსენეთ, რომ საბჭოთა კავშირი ამ დროში ბერლინამდე მივიდა. რუსეთი კი უკრაინაში დიდად ვერ დაწინაურდა, ამიტომ ის არ იგებს. თავდაცვის პირველი ხაზი უკრაინაშია, და მთელი პატივი მამაც უკრაინელ ჯარისკაცებსა და ხალხს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი თავდაცვის ხაზი — ეს არის რუსეთის მეხუთე კოლონა ჩვენს ქვეყნებში. ის ძალიან აქტიურია, ძალიან საშიშია, და ავრცელებს ცრუ ნარატივს, როგორც ბრიტანეთის ელჩმაც აღნიშნა, თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია — ეს სიცრუეა. ისინი ავრცელებენ სხვადასხვა ცრუ ნარატივს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და ზოგადად დასავლეთის შესახებ. ეს ნარატივები აქ, საქართველოშიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგჯერ ჩემ მიმართ არასასურველ ყურადღებაში გამოიხატება, რადგან მე მიყვარს ამ ნარატივების პირდაპირ და მკაფიოდ უარყოფა, როგორც სრულიად გამოგონილი და მცდარი. ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, — დასძინა გერმანიის ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი