ახალი ამბები

ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას — სააკაშვილის წერილი The Hill-ში

23 თებერვალი, 2026 •
ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას — სააკაშვილის წერილი The Hill-ში

„ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას“, – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებას ამერიკულ გამოცემა The Hill-ში.

სააკაშვილი წერს, რომ წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასია რუსეთის ექსკლუზიური დომინაციის ზონა იყო, თუმცა ეს მოცემულობა შეიცვალა სომხეთსა და აზერბაიჯანში ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიის ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ.

„ეს ცვლილება განსაკუთრებით კრიტიკულია ახლა, რადგან ორივე ქვეყანა ირანს ესაზღვრება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯები კავკასიის მესამე ქვეყანასთან ურთიერთობების ხელახლა გასააქტიურებლად. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა მისასალმებელ ნაბიჯად ჩანდეს, გასათვალისწინებელია სერიოზული ნიუანსები“, — წერს ექსპრეზიდენტი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი თითქმის ერთსულოვნად პროამერიკულია, ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ივანიშვილთან ურთიერთობების გარკვეულწილად ნორმალიზების მზაობისკენ, შესაძლოა, ცუდი ამბავი იყოს როგორც ქართველებისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის.

სააკაშვილი წერს, რომ გასულ კვირას ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად, ასევე, საქართველოს „უკიდურესად რეპრესიული უსაფრთხოების უწყების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მიწვეულ იქნა აშშ-ში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) შესახვედრად, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში შეხვდა მარკო რუბიოს.

„2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო დასავლეთის ფავორიტი გახდა. როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვიზიტისას „დემოკრატიის შუქურა“ გვიწოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში დიდი პროექტი წამოიწყო, ქვეყანა „მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად“ მოიხსენია. ტრამპმა შემაქო, როგორც პრეზიდენტი, როდესაც მან 2012 წელს „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა დააანონსა და განაცხადა: „ამ კაცმა საოცარი საქმე გააკეთა და ჩვენს დიდ ქვეყანასაც გამოადგებოდა ამ გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება“. თუმცა დღეს ქვეყანა წლების განმავლობაში კრიზისშია ჩაფლული, ქუჩის აქციის მონაწილეებს კი ტრამპისა და ვენსის პორტრეტები უჭირავთ, თითქოს დახმარებას ითხოვენ. პროცენტულად, საქართველოში დღეს უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე მადუროს ვენესუელაში.

მე უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ და ამჟამად მსჯიან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც სურვილი გამოვთქვი, სელფი გადამეღო იმ შინაურ ზვიგენთან, რომელიც ივანიშვილს სახლში ჰყავს. ყველა მთავარი ოპოზიციური ლიდერი ციხეშია. მომიტინგეებს უბრალოდ ტროტუარზე უმოქმედოდ დგომისთვის აკავებენ. ჟურნალისტებს ავიწროებენ და დევნიან. საქართველოს რუსული სტილის კანონი უცხოური აგენტების შესახებ უფრო მკაცრია, ვიდრე თავად რუსეთში მოქმედი კანონი. ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს, დაწყებული ქუჩის მოვაჭრიდან, პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმისთვის უზარმაზარი ჯარიმები და სისხლის სამართლის გამოძიება ემუქრება. ამ რეპრესიული კანონების კიდევ უფრო გასაუარესებლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერს, ვინც ივანიშვილის მთავრობას ლეგიტიმურად არ აღიარებს, სამ წლამდე ვადით დააპატიმრებენ“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თანახმად, აშშ-ის ინტერესების გათვალისწინების სანაცვლოდ, ივანიშვილი ფაქტობრივად მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა აღიაროს მისი უფლება, სასტიკად გაუსწორდეს საკუთარ მოქალაქეებს და მართოს საქართველო ისე, როგორც თავად სურს — ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებებისა და მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური საშუალებების გამოყენების ჩათვლით. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილმა გააფუჭა ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც, მას შემდეგ, რაც საბოტაჟი მოუწყო ტრამპის სახელობის ახალ სტრატეგიულ სატრანსპორტო მარშრუტს.

„მე ბევრი გავაკეთე აშშ-თან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად და ვხელმძღვანელობდი სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პრორუსულ და არადემოკრატიულ პოლიტიკაზე მითითებით. რადგან ქართული საზოგადოება ძალზე კრიტიკულად არის განწყობილი ივანიშვილის მიმართ აშშ-თან არსებითი ურთიერთობების მოსპობის გამო, მისი პრემიერ-მინისტრი ახლა აცხადებს, რომ სურს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა. მაგრამ ურთიერთობების აღდგენა საქართველოს მმართველობაში ცვლილებების გარეშე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან სისუსტის ნიშნად გამოჩნდება. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება, მაგრამ მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც გააძლიერებს აშშ-ის მოკავშირეებს საქართველოსა და რეგიონში“, — ნათქვამია სტატიაში.

დასასრულს, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დიდებული საქმე გააკეთა ბელარუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და დასძენს, რომ არ არის საჭირო, ოლიგარქ ივანიშვილს შეღავათი მიეცეს, რადგან ეს უკიდურესად მტკივნეული იქნება მრავალი მომიტინგისთვის საქართველოში, რომელთაც აშშ-ის დროშები და ამერიკელი ლიდერების ფოტოები უჭირავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი