ევროკავშირმა სომხეთისთვის 202.5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაადასტურა.
დახმარების პაკეტის დადასტურება ევროკავშირ-სომხეთის პირველი ერთობლივი სამიტის წინ მოხდა. 19-20 მარტს დაგეგმილ პირველ ერთობლივი სამიტზე სომხეთში ჩავა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.
პირველი ერთობლივი სამიტის სამზადისის ფარგლებში 18 თებერვალს სომხეთში ევროკომისიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების სამუშაო ვიზიტი შედგა.
როგორც ევროკომისია აცხადებს, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას პარტნიორობის ამ გადამწყვეტ მომენტში, რაც ხაზს უსვამს მტკიცე და საერთო ერთგულებას ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისადმი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტების მიმართულებით“.
„19-20 მარტს კომისარ მარტა კოსის დაგეგმილი ვიზიტის გათვალისწინებით და ევროკავშირი-სომხეთის პირველი ერთობლივი სამიტის მოლოდინში, [ევროკომისიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების] ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროგრესის შეფასება. აღნიშნული სტრატეგიული დღის წესრიგი ეფუძნება ევროკავშირსა და სომხეთს შორის არსებულ გრძელვადიან „ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობის შეთანხმებას“ (CEPA).
დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო რეგიონული კავშირები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთის მთავრობის ინიციატივის — „მშვიდობის გზაჯვარედინის“ მხარდაჭერას და მის განხორციელებას „რეგიონთაშორისი კავშირების დღის წესრიგთან“ სინერგიაში. განისაზღვრა ევროკავშირის მხარდაჭერის ვარიანტები ერთობლივად იდენტიფიცირებული პრიორიტეტული პროექტებისთვის; საერთო ინტერესებად კი დასახელდა ეკონომიკური მდგრადობა და ვაჭრობისა და მობილობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
მთავრობასთან ასევე დადასტურდა რეფორმებისა და ინვესტიციების პაკეტის საბოლოო სტრუქტურა „სომხეთის მდგრადობისა და ზრდის გეგმის“ ფარგლებში, მათ შორის მისი მეორე ტრანში 202.5 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც მანამდე კომისარმა მარტა კოსმა 2025 წლის სექტემბერში ვიზიტისას დააანონსა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის უწყვეტი მზადყოფნა დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერისადმი, განსაკუთრებული აქცენტით მომავალი საარჩევნო პროცესის მთლიანობის დაცვაზე“, – ნათქვამია სომხეთში მყოფი ევროკომისიის დეგელეგაციის განცხადებაში.








