გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს.
ყოფილი პრინცი საჯარო სამსახურში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც ბრიტანული მედია წერს, გამოძიებას აწარმოებს პოლიცია, რომელიც ყოფილი პრინცის კავშირებს იძიებს სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მხარს უჭერენ თემზის ველის გამოძიებას. მაუნტბატენ-ვინძორი, რომელსაც ხუთშაბათს 66 წელი შეუსრულდა, თავად ყოფილი პრინცი ენდრიუ, ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის დანაშაულს ან მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს.
როგორც მედია წერს, სამართალდამცავებმა მანამდე განაცხადეს, რომ განიხილავდნენ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ეპსტინმა ერთი ქალი გაერთიანებულ სამეფოში ტრეფიკინგის გზით ჩაიყვანა ენდრიუსთან სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით; ასევე იმას, რომგ აერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის პოსტზე ყოფნისას სენსიტიურ ინფორმაციას უზიარებდა ჯეფრი ეპსტინს.
ბრალდებები მომდინარეობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან, რომლებიც ეხება ეპსტინის და მის კავშირებს მდიდარ და გავლენიან პირებთან.
როგორც მედია წერს, გასაჯაროებული ელფოსტის მინაწერებიდან ჩანს, რომ ყოფილი პრინცი აზიარებდა ანგარიშებს ჰონგ-კონგში, ვიეტნამსა და სინგაპურში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების შესახებ.
„ერთი ელფოსტა, რომელიც დათარიღებულია 2010 წლის ნოემბრით, ყოფილმა პრინცმა ეპსტინს გაუგზავნა ხუთი წუთის ინტერვალში მას შემდეგ, რაც ის მიიღო მაშინდელი სპეციალური მრჩევლისგან, ამირ პატელისგან. მეორე წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, 2010 წლის შობის ღამეს გაიგზავნა, შეიცავდა კონფიდენციალურ ცნობებს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის რეკონსტრუქციაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian.
გასული წლის ოქტომბერში, ბრიტანეთის სამეფო კარზე მზარდი შეშფოთების ფონზე, რაც გამოწვეული იყო მონარქიის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანით პრინც ენდრიუსა და ჯეფრი ეპსტინის მეგობრობის შესახებ გავრცელებული სათაურების გამო, მას სამეფო ტიტულები ჩამოართვეს.








