ახალი ამბები

ღარიბაშვილის ცოლისძმა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

18 თებერვალი, 2026 •
ღარიბაშვილის ცოლისძმა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი დღეს 70 წლის გახდა.

“2012 წლის მარტში დედოფლისწყაროს საარჩევნო შტაბის გახსნისთვის ვემზადებოდით. ირაკლიმ დამირეკა და მითხრა: ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, დაესწროს შტაბის გახსნასო.

სამმაგი მონდომებით დავიწყეთ მზადება. წინა დღეს დავურეკე ირაკლის და ვუთხარი : მზად ვართ შტაბის გასახსნელად-თქო და მოკრძალებით ვკითხე: ჩემთან, ოჯახში, სადილიც მზადდება და ხომ არ გვესტუმრება ?
ირაკლიმ მითხრა, არ ვიცი, მე ვერ შევეკითხები, დაძაბული პერიოდია და შეიძლება არ იყოს “სუფრის” დროო .

ჩამობრძანდა. მშვიდობით ჩაიარა შტაბის გახსნამ და ირაკლი მორიდებით ეკითხება ბატონ ბიძინას: ოჯახში სუფრა გამზადებულია და თუ შეძლებთ სტუმრობას, ძალიან გაგვიხარდებაო…

აბა, რა უნდა ვქნათ, მივიდეთო, უპასუხა ირაკლის.

მივუჯექით სუფრას, ღვინო ჩამოვასხით. მე და ირაკლი თვალებით ვანიშნებთ ერთმანეთს „თამადობის“ დაწყებაზე, ორივეს ძალიან გვერიდება :)) მიხვდა ბატონი ბიძინა ჩვენს „გასაჭირს“ და თავად გვითამადა.

დაუვიწყარი დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის… მამაჩემი პატიმრობაში იყო, ჩვენთან დაახლოებული ადამიანები დევნაში და შევიწროებაში. ამ დროს ოჯახში სტუმრობა და იმედის მოცემა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ძალიან ბევრს ნიშნავდა.

მთელი ღამე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა სტატუსი. ჩვენი ოჯახის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად გულწრფელი გამოჩნდებოდა, ვინ რას იფიქრებდა და იტყოდა.

არ მაინტერესებს ჩასაფრებული და ცინიკოსი ადამიანების აზრი და ქილიკი. ყველა კარგად ვხედავთ და ვაკვირდებით, როგორ „გადაირია“ მსოფლიო, რა ხდება ჩვენი სამშობლოს გარშემო. რას აღარ ეცადნენ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრები, რომ საქართველოც ჩაეთრიათ ამ ქაოსში.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და

განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი.

გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო ბიძინა!

დღეს თქვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!

ღმერთმა გაგაძლიეროთ!”, – წერს ლექსო თამაზაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად ციხეშია. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“ ,– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი