ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ამბობს, დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მისთვის სიახლე არაფერია და ხუთი წლის განმავლობაში საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ ყოფილა.
იზა ომაძე აანონსებს, რომ სახელებით და გვარებით გაახმიანებს შეკვეთილი მკვლელობის მფარველებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ღმერთს და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამებრძოლს, ვინც ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ინტერესით ელოდა ამ მკვლელობის გახსნას და ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს რეზონანსული მკვლელობა მისულიყო ადამიანებამდე. დღეს ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს. ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილად გამოცხადდა — ეს მათი მხრიდან, ალბათ, ისინი ასე თვლიან, მაგრამ აქ წერტილი არ დასმულა. რგოლი, რომელმაც თვითონ ვერ იკადრეს ასეთი ბოროტებაზე წასვლა და ქვერგოლი მოძებნეს. ალბათ, მთავარი დამკვეთისთვის ეს ძალიან საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი საზოგადოება მაინც მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს გარკვეულ ამბებს, სენსაციურ ამბებს და ეს მკვლელობა რომ შეესრულებინათ ძმებს, ალბათ, დამკვეთისთვის უფრო მარტივად სამოქმედო იქნებოდა შემდგომში. მაგრამ ასე არ მოხდა. სრულიად უცხო ადამიანებმა — აკო ჭელიძემ და გიორგი კაველაძემ — რომლებსაც ნიკო არ იცნობდა, მომიკლეს ვერაგულად შვილი“, — განუცხადა ომაძემ „ტვ პირველს“.
იზა ომაძისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პროკურატურას 5 წელი ფაქტების დასადგენად, რაც მეორე დღესვე ცნობილი იყო.
„ალბათ, არ იყო პოლიტიკური ნება, თორემ მეორე დღესვე ტაქსის მძღოლმა, საქართველოს მოქალაქემ, კონკრეტული სახელები და გვარები ახსენეს, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მონაწილე. მათ ამოღებული ჰქონდათ ტელეფონი და ტელეფონში იყო მესიჯები და იყო კონკრეტული სახელები და გვარები“, — თქვა ომაძემ.
ნიკო კვარაცხელიას დედა ითხოვს, მისი შვილის მკვლელებს სამუდამო პატიმრობა შეეფარდოთ.
„პარალელურად, მე არგუმენტირებულად, სახელებით და გვარებით ვისაუბრებ. მაქვს გარკვეული არგუმენტები, მაქვს გარკვეული ფაქტები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ მკვლელობის მფარველი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში ვებრძოდით ცხრათავიან დევს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცხრათავიან დევს ორი თავი წავაცალეთ. ყველა თავი დასცვივდება გველეშაპს“, — განაცხადა ომაძემ.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბუსა ჟვანიას მონაწილეობაზე იზა ომაძემ თქვა:
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, რომ თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო და საინტერესოა, რას გვეტყვის დღეს მისი დედა“.
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობიდან მეხუთე წელს გახსნილად გამოაცხადა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე. პროკურატურამ მკვლელობის დამკვეთებად ძმები, გურამ და დავით კაკულიები დაასახელა. გამოძიების თანახმად, ამ საქმეში მათ ეხმარებოდა ბესარიონ (ბუსა) ჟვანია — გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, და ბრალს მასაც წარუდგენენ. ბუსა ჟვანია, როგორც ჩანს, ქვეყანაში არ იმყოფება და მასზე ძებნა ცხადდება.
პროკურატურის ვერსიით, ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მამაზე ცდილობდნენ შურისძიებას.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა საქართველოში, რომელმაც საზოგადოება შეძრა მსხვერპლის პიროვნებისა და დანაშაულის სისასტიკის გამო.
ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.
მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკოს საკუთარ ავტომობილთან ახლოს დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დაადგინეს ორი ეჭვმიტანილის ვინაობა: აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ისინი შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები მანქანით მიიმალნენ.
რამდენიმეკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ისინი წყნეთში დააკავა. მათ იქირავეს ბინა, მანქანა და აკვირდებოდნენ ნიკოს გადაადგილებას.
2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო: აკო ჭელიძეს (უშუალო მკვლელს) და გიორგი კავილაძეს (თანამონაწილეს) მიესაჯათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელეს








