განათლების ექსპერტები, შალვა ტაბატაძე და ქეთევან ჩაჩხიანი აქვეყნებენ საუნივერსიტეტო პროგრამების ახალი კვოტების შედარებით ანალიზს 2025 წლის საბაკალავრო პროგრამებთან.
ანალიზმა აჩვენა, რომ 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3,000 ადგილითაა შემცირებული. ყველაზე მეტ სტუდენტს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაკარგავს. ახალი კვოტებით, 2025-2026 წელთან შედარებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 92%-ით შემცირდა.
გთავაზობთ შალვა ტაბატაძის და ქეთევან ჩაჩხიანის შედარებით ანალიზს:
„ზოგადად, შემდეგი სურათი გამოჩნდა:
1. 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა შემცირებულია 3,000 ადგილით.
2. უნივერსიტეტების დონეზე გაზრდილია თსუ-ს, სტუ-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა.
3. შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და დატოვებულია მხოლოდ პედაგოგიკა +აბეტ აკრედიტებული პროგრამები და, შესაბამისად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება., ასევე შემცირებულია სოხუმის, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.
4. მიმართულებების მიხედვით (მხოლოდ 7 მიმართულება გავაანალიზეთ ტენდენციების დასანახად, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები) მკვეთრად შემცირებულია სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია თბილისშიც და რეგიონებშიც. მეტიც, ამ მიმართულებებზე გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს აღარ ექნებათ ხელმისაწვდომობა.
5. გაზრდილია კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმატიკის საერთო რაოდენობაც და რაოდენობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებაზე აღარ აქვთ გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
6. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი და ბიზნესის პროგრამები და დარჩენილია საინჟინრო-ტექნიკურ-ტექნოლოგიურ-აგრარული მიმართულებები, 2026-2027 წლების კვოტა მაინც აღემატება 2025-2026 წლების გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილირებულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია;
7. ბრძანების მიხედვით გამონაკლისებში არ არიან 1+4 კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა რაოდენობა 2025-2026 წლებში 1500-მდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რომელთაც წელს უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამა. შესაბამისად, გამოყოფილი 21,300 ადგილიდან დაახლოებით 1500 ადგილი ამ სტუდენტებზე უნდა გადანაწილდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის, თელავის, გორის უნივერსიტეტის 1+4 პროგრამის სტუდენტებს შეექმნებათ საბაკალავრო პროგრამის არჩევის პრობლემა 2026-2027 სასწავლო წელს, რადგან ის პროგრამები, რომლებზეც მათ სწავლის გაგრძელება შეიძლება სურდეთ, აღარ იქნება მათ უნივერსიტეტებში.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ:
1. 2026-2027 წლების პროგრამებში დამატებულია მასწავლებელთა განათლების ინტეგრირებული პროგრამა ილიაუნის, სოხუმის და რეგიონალური უნივერსიტეტებისთვის 1,300 ადგილით, რაც წინა წელს საერთოდ არ იყო საბაკალავრო პროგრამებში;
2. დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამა საერთოდ აღარ არის პროგრამების ჩამონათვალში“, – ვკითხულობთ ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.
12 თებერვალს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა.
კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით.
