„ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ახალი წიგნი ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნებს. წიგნის პირველი ნაწილი ელექტრონულად ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

„შეიძლება ითქვას, სახელმძღვანელო გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებით, ძალიან ბევრია შიგნით უცნაური შეფასებები, ისტორიის გაყალბება და ასე შემდგომ“, – ამბობს ჩიხრაძე.

ის ხაზს უსვამს რამდენიმე საკითხს და შეცდომებს:

  • გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ჩვენ აქ ვერ ამოვიკითხავთ ისტორიულად სწორ შეფასებებ. ის შეფასებები, რომლებიც წინა სახელმძღვანელოში იყო ივანე ჯავახიშვილის მიერ მოხმობილი, გამქრალია და მოძებნილია ისეთი შეფასება, რომელიც სრულიად ატრიალებს ამ ისტორიულ მოვლენას და მას აცხადებს, როგორც ქართველი ერის გადარჩენის გარანტად“;
  • „ახალმა თაობებმა ამ სახელმძღვანელოს მიხედვით პრაქტიკულად ვერაფერი ვერ უნდა გაიგონ რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ – ეს არ იყო არც ტრაქტატით განპირობებული ურთიერთობა, არც კეთილმეზობლური ურთიერთობა, ეს იყო გამუდმებული ბრძოლა ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ეკლესიასთან, სამეფო ტახტის გაუქმება, ქვეყნის ოკუპაცია, ეკლესიების გადაღებვა, საეკლესიო პირების მიმართ რეპრესიები და ასე შემდგომ. არაფერი ამ სახელმძღვანელოში არ არის მოხმობილი და შეიძლება ითქვას, რომ გაუკუღმართებულია, ასე ვთქვათ, მთელი ისტორიული  ეპოქა ამ თვალსაზრისით“.
  • „გამრუდებულია და ძალიან დამახინჯებულია საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდის ამბები. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მთლიანად გამოტოვებულია საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი, პირველი რესპუბლიკის პერიოდი და, შეიძლება ითქვას, ილია ჭავჭავაძიდან პირდაპირ ივანე ჯავახიშვილთან აღმოვჩნდებით და იქაც გაკვრით არის რაღაც ამბები ოკუპაციასთან დაკავშირებით მხოლოდ მოხსენიებული“;

  • ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას რაც შეეხება, აქაც უამრავი ფაქტობრივი უზუსტობაა. უბრალოდ, სახელმძღვანელოში რომ ძალიან სირცხვილია, ისეთი უზუსტობებია თარიღებთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირველი პროკლამაციების თაობაზე, „გორგასლიანის“ ორგანიზაციის ეგიდით, თარიღია არასწორად მოხმობილი შინაარსთან ერთად.

  • „ჰელსინკის კავშირის დაარსების თარიღი აბსოლუტურად არასწორად არის მოწოდებული“.

ჩიხრაძე ხაზს უსვამს, რომ გენერალი ტოტლებენიც კი წიგნში „შელამაზებულადაა“ გამოყვანილი. ასევე, მისი თქმით, უცნაურია, რომ წიგნში მოხსენიებული არ არიან საეკლესიო მოღვაწეები:

„არ მოიძებნა საქართველოს ისტორიაში არცერთი სასულიერო პირი, რომელიც იქნებოდა წარმოჩენილი და ამ სახელმძღვანელოში საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს და მდგომარეობას წარმოაჩენდა“, – ამბობს ის.

ჩიხრაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს ავტორები არიან „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პიროვნებები, ხოლო საგანგაშოა ის, რომ საერთოდ გამქრალია ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაძლებლობა.

„არ შეიძლება ასეთი პროპაგანდისტული იყოს სასწავლო პროცესი და სახელმძღვანელოები ასე ექვემდებარებოდეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის – მოღალატე, პრორუსული პოლიტიკური ძალის ინტერესებს“, – ამბობს ჩიხრაძე.