სუპერმარკეტების ქსელების „რითეილ ასოციაცია“ სურსათის ფასებზე აკეთებს განმარტებებს, რომელიც, ასოციაციის განცხადებით, „ეკონომიკურ რეალობაზეა დაფუძნებული“.
„რითეილ ასოციაციის“ თანახმად, დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა — კერძოდ, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც ბაზრის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ რითეილზე მოდის, ლოგისტიკა მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, პროდუქტი მწარმოებლიდან პირდაპირ ქსელის საწყობებში ხვდება და მაღაზიებში უკვე თავად ქსელის შიდა ლოგისტიკის მიერ, ოპტიმიზირებული სისტემით ნაწილდება.
„სწორედ ამიტომ, იქ პრაქტიკულად არ არსებობს ზედმეტი რგოლი დისტრიბუციის სახით, რომელიც ფასს ზრდის. სადისტრიბუციო კომპანიებს კი ძირითადად გადამზიდის როლი აქვს. ქართული მოდელი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პროცესშია. დღეს ხშირად ერთსა და იმავე სავაჭრო ობიექტს სხვადასხვა მომწოდებელი სხვადასხვა ტრანსპორტით ამარაგებს. ეს ნიშნავს მეტ ლოგისტიკურ ოპერაციას, მეტ საწვავს, მეტ დროს და საბოლოოდ მეტ ხარჯს, რომელიც პროდუქტის ფასში აისახება და ტვირთად აწვება მომხმარებელს“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია „ქეშბექის“ საკითხზეც.
„ქეშბექი წარმოადგენს ჯამური მარჟისა და ფასნამატის ერთ-ერთ კომპონენტს და თავიდანვე გათვალისწინებულია მომწოდებელსა და ქსელს შორის შეთანხმებულ სავაჭრო პირობებში. ეს არ არის დამატებითი გადასახადი ან ისეთი თანხა, რომელიც შემდეგ ეტაპზე ფასს ზემოდან ემატება. ამ რესურსის გამოყენება ძირითადად ხდება აქციებისთვის, დროებითი ფასდაკლებებისთვის, პროდუქტის უკეთ წარმოსაჩენად და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესზეა მიმართული“, — ნათქვამია განცხადებაში.
„რითეილ ასოციაცია“ აცხადებს, რომ „კომპეტენტურ კვლევებზე დაყრდნობით“, საქართველოში სუპერმარკეტების საშუალო ჯამური მარჟა ევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია.
„შესაბამისად, ფასის ფორმირებაზე მსჯელობისას აუცილებელია სრული სურათის დანახვა და არა ცალკეული ელემენტის გამოყოფა. კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით ცნობილია, რომ ორგანიზებული სუპერმარკეტები ერთად რითეილ ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. დანარჩენი 60% მოდის უბნის მაღაზიებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ასევე, ცნობილია, რომ ამ სეგმენტში დისტრიბუცია ქეშბექსა და რეტრო-ბონუსს ან საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყენებს. მიუხედავად ამისა, არაბრენდირებულ უბნის მაღაზიებში პროდუქტები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ორგანიზებულ, მათ შორის დისკაუნტერულ ქსელებში. ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქეშბექი და რეტრო-ბონუსი ვერ განიხილება ფასის ზრდის მთავარ მიზეზად“, — აცხადებს ასოციაცია.
რითეილ ასოციაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, თუ რამდენად ეფექტიანად არის მოწყობილი პროდუქტის მიწოდება.
„როგორც უკვე აღინიშნა, ფასის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამატებითი შუალედური რგოლის — დისტრიბუციის არსებობა, სადაც არაეფექტური და ძვირიანი სადისტრიბუციო პროცესი საბოლოოდ ზრდის ფასნამატს. რითეილ ასოციაცია და მისი წევრები გამოხატავენ მზადყოფნას, განიხილონ ქეშბექებისა და რეტრო-ბონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, რომ შესაბამისი შემცირება აისახოს მოსაწოდებელ ფასში, თუმცა, ასეთი, ნაწილობრივი ნაბიჯები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფასის არსებით გაიაფებას, თუ პარალელურად არ მოხდება მიწოდების სისტემის გარდაქმნა და ლოგისტიკური მოდელის დაახლოება იმ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელიც მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მაგალითის სახით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციის განცხადებით, წევრ კომპანიებს უკვე აქვთ ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია ეტაპობრივად განხორციელდეს და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ და თანამიმდევრულ მუშაობას.
ასოციაცია ხაზს უსვამს ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას, რასაც ფასების შემცირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს.
„ეს საშუალებას მოგვცემს, შევამსუბუქოთ საერთაშორისო ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გავლენა როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებლისთვის საბოლოო ფასებზე. რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი, საკუთარი შიდა პოლიტიკის შესაბამისად აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ წარმოებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ფერმერული პროდუქტების მიმართულებით. ამასთან, საქართველოში წარმოებული პროდუქციის თაროებზე მოხვედრა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მომხმარებლის მოთხოვნასთან. ორგანიზებულ რითეილს აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ კატეგორიებში არსებობს მაღალი მოთხოვნა და სად არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი. არაერთ პროდუქტზე დღეს ბაზარი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული სწორედ იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოება არ არის საკმარისი მოცულობით წარმოდგენილი“, — აცხადებს „რითეილ ასოციაცია“ და მზადყოფნას გამოთქვას, აღნიშნული მონაცემები და ანალიტიკა გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
ასოციაციის განცხადებით, რითეილ სექტორი ინტენსიურად მუშაობს ისეთი მოდელების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებასა და საბოლოო ფასზე პოზიტიურ გავლენას. ასოციაცია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ასოციაცია საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს წარუდგენს კონკრეტულ, ეკონომიკურად დასაბუთებულ და პრაქტიკულ წინადადებებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასწარმოქმნის შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირე მაღალ ფასნამატს და მოგების მაღალ მარჟებს დაუკავშირა. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი. ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.
შედეგად, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და პარლამენტში სპეციალური კომისია.








