ახალი ამბები

საიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში 7 ანგარიში წარადგინა

11 თებერვალი, 2026 •
საიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში 7 ანგარიში წარადგინა

ეუთოს მიერ ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ.

საერთო ჯამში, საიამ წარადგინა 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები:

  1. შეკრების თავისუფლების შესახებ
  2. გაერთიანების თავისუფლების შესახებ
  3. წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ
  4. გამოხატვის თავისუფლების შესახებ
  5. პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ
  6. სასამართლო სისტემის შესახებ
  7. რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ

„მოსკოვის მექანიზმისთვის წარდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავს როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების ძალადობრივ დარბევას, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და უსაფუძვლო დაკავებებს, ასევე 2024 წლის ნოემბრის შემდგომ გამოვლენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, დაუსჯელობის კულტურასა და არაეფექტიან გამოძიებებს. კომუნიკაცია ყურადღებას ამახვილებს წყლის ჭავლში ქიმიური საშუალებების შერევის არაპროპორციულ და საფრთხის შემცველ პრაქტიკაზე და აღნიშნულზე ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე; დამატებით აანალიზებს 2024 წლის შემდგომ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“, — აცხადებს საია.

2025 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ადამიანური განზომილების მექანიზმი („მოსკოვის მექანიზმი“) აამოქმედა. აღნიშნული პროცესი გულისხმობს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ ფაქტების დამდგენი მისიის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, კონკრეტულად, 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს, და მოამზადებს შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომელსაც ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგენს.

მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ, ასევე, აამოქმედა ვენის მექანიზმი.

ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმი არის იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის (ადამიანური განზომილება) სფეროში აიღეს. ადამიანური განზომილების მექანიზმი შედგება ორი ინსტრუმენტისგან: ვენის მექანიზმი (დაარსდა ვენის 1989 წლის დასკვნით დოკუმენტში) და მოსკოვის მექანიზმი (დაარსდა 1991 წელს მოსკოვში ადამიანის განზომილების კონფერენციის ბოლო შეხვედრაზე). ეს უკანასკნელი ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი