“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სუსი ავრცელებს.
სუს-ის განცხადებით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.
4 თებერვალს გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ გაავრცელა ცნობა, რომ მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “შიკრიკად” ჰყავდა გაგზავნილი. ეს ინფორმაცია მდინარაძემ ნეტგაზეთთან იმავე დღეს კატეგორიულად უარყო და გვითხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა.
“ივანიშვილს აშშ-ში მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით”, – განაცხადა შარაშიძემ 4 თებერვალს და ეს ამბავი შეადარა სუს-ის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტს ვაშინგტონში, რომელსაც გიორგი გახარიას ინფორმაციით ჰქონდა უშედეგო მცდელობა, რომ გაფუჭებული ურთიერთობები გამოესწორებინა.








